მთავარისაქართველოპრეზიდენტის ვეტო და მზადება "ვეტოს დაძლევისთვის"

პრეზიდენტის ვეტო და მზადება “ვეტოს დაძლევისთვის”

მორიგი ვეტო პრეზიდენტისგან და მისი დაძლევისთვის მობილიზებული „ქართული ოცნება“. სალომე ზურაბიშვილმა მხარი არ დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენას, რომელიც პრეზიდენტს თავის მხრივ მმართველმა პარტიამ შესთავაზა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხუციშვილის მაღალი კომპეტენციის მიუხედავად, საბჭომ შეიძლება დამოუკიდებლობა დაკარგოს და ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი უწყება, მთავრობის გავლენების ქვეშ აღმოჩნდეს.

პრეზიდენტის ეს და სხვა ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და ვეტოს დაძლევის საკითხი, პლენარულ სხდომაზე გადაამისამართა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობა სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის გამართულად ფუნქციონირების საბოტაჟში ადანაშაულებს და პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ დაძლევს, რასაც ეროვნული ბანკის გამართულად ფუნქციონირების საჭიროების  მოტივით ხსნიან.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა – არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს! პრეზიდენტის მხრიდან სიჯიუტეს ან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არაჯანსაღ მიდგომას აქვს ადგილი. „ეროვნული ბანკი“ არის მყარი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩვენი ვერსიიდან იმით განსხვავდება, რომ პროექტს ერთი პუნქტი მოაცილა და მეორე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპებსა და მიდგომებს იზიარებს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოგვყვა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს, უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში. რადგან მისი თქმით, ეს ორივე უწყება დამოუკიდებელი ორგანოა. „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და პრეზიდენტის შემდგომ ნაბიჯებზე საუბრობს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლაშა ხუციშვილი კანდიდატად განიხილებოდა, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება საბოტაჟს. თუ მმართველი პარტია საბოტაჟს იმას არქმევს, რომ მათთვის სასურველი კანდიდატები არ წარადგინა პრეზიდენტმა,მაშნ ეს სხვა საკითხია. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძე.

კომიტეტის სხდომაზე მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ საკითხზე ვეტოს გამოყენებას მხარს უჭერს. ნაწილი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტსა და სხვა სამთავრობო უწყებებს შორის პოლიტიკური დავები ხელოვნურია და ნამდვილი პრობლემებიდან, ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

„ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებით, ყალიბდება „საფინანსო კლანი“. ისევე როგორც გვაქვს „სასამართლო კლანი“. პრეზიდენტის ვეტოს, ყველა გონიერი ადამიანი დაეთანხმება ამ შემთხვევაში. ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ „ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალიტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატები “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე მსჯელლობას აგრძელებენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend