ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ საზეიმოდ დაიხურა. ცხრა დღის მანძილზე თბილისში გამართულმა ფესტივალმა უმასპინძლა კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს, ქართველ მუსიკოსებს, ფოლკლორის საღამოსა და მასტერკლასებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა მუსიკოსებმა ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარეს.
დასკვნით ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე მევიოლინე მაქსიმ ვენგეროვი და პიანისტი რუსტემ საიტკულოვი წარდგნენ. შესრულდა კლარა შუმანის, იოჰანეს ბრამსის, რობერტ შუმანის, სერგეი პროკოფიევისა და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.
ფესტივალის ბოლო დღეს გამოავლინეს ის სტუდენტებიც,რომლებიც ფესტივალისგან წლიურ სტიპენდიას მიიღებენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა მუსიკოსებს გადაეცემათ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის აუცილებელი ატრიბუტები.
,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ წელს პირველად იმართება და ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძის ფონდთან“ და ფონდთან ,,ქართული გალობა“ თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 15 მაისს დაფუძნდა. ფესტივალი დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას ეძღვნება.