მთავარიევროპაუკრაინასახლებს ისევ წყალი ფარავს...

სახლებს ისევ წყალი ფარავს…

უკრაინაში, “ნოვო კახოვკის” კაშხლის დანგრევას კიევი და მოსკოვი კვლავ ერთმანეთს აბრალებენ.  ამ ფონზე კი,  რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. კიევის ცნობით, წყალმა დაფარა 600 კმ²  ტერიტორია.   ეკონომიკურის  გარდა, უკრაინის ამ მხარეს ეკოლოგიური ზიანიც მიადგა, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია.

ხერსონში მცხოვრებ  კოპაევების ოჯახს წყლით დაფარული სახლიდან ნივთები გამოაქვს და სახურავზე ალაგებს. ოჯახური ფოტოალბომების გადარჩენა მოახერხეს… მთლიანად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც. ამ რაიონიდან უკრაინულმა  სამაშველო სამსახურებმა უკვე  თითქმის ყველა გაიყვანა, თუმცა კოპაევებმა დარჩენა გადაწყვიტეს. გალინა, ვიქტორი და ანგელინა დღეს ღამეს მეგობრების  ოჯახში გაათევენ,   მაღალ სართულზე, სადაც წყალს ჯერ არ შეუღწევია.  ხერსონის მცხოვრები,  გალინა კოპაევა ამბობს:  „წყალმა გუშინდელი დღიდან დაიწყო მატება. გუშინ უკვე იმატებდა… ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ასე აიწევდა წყლის დონე“…

ხერსონი პირველი დიდი ქალაქი იყო, რომელიც ამ ომის დაწყების შემდეგ რუსულმა არმიამ დაიკავა. ომის ვეტერანი იური რუსული ოკუპაციის დროს სხვენში იმალებოდა  და დღესაც იქ  უწევს ღამის გათევა, რადგან მისი სახლი წყალმა დაფარა. ვიქტორიც არ გაჰყვა მაშველებს. თავისი ქალაქი  არც რუსული ოკუპაციის დროს დაუტოვებია და  ამჯერადაც აპირებს სახლში დარჩეს მანამ, სანამ აქ ყოფნა შესაძლებელია.  ის ამბობს:

“ეს არის ის რაც რუსებს ჩვენთვის ემეტებათ… განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის… ისინი სამხედროებს ვერ ერევიან და ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან. იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათ შესაბამისი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ ხომ იარაღიც არ გვაქვს, რომ თავი დავიცვათ“ …

უკრაინული წყაროების ცნობით, მაშველებმა ათასობით ადამიანი გაიყვანეს უკვე წყლით დაფარული რეგიონიდან. კიდევ უფრო მეტად არის დაზარალებული ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ოკუპირებულ ზონებში მცხოვრებნი ჩივიან, რომ მათთან დახმარება იგვიანებს. თუმცა, დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა კადრები, თუ როგორ გაჰყავთ მათ სამსახურებს მოსახლეობა  დაზარალებული  ტერიტორიებიდან. სოფელ ჰოლა პრისტანში და კორსუნკაში თითქმის აღარავინ დარჩა.

კიევის ცნობით, უკრაინის ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია, საიდანაც 32% მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზეა და 68% – მარცხენაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ბოლო  24 საათში, კახოვკის წყალსაცავში წყლის დონე თითქმის ერთი მეტრით შემცირდა. დაშლას განაგრძობს კახოვკის ჰესის წყლის გამშვები კაშხალი და ჰესის შენობასა და ჩამკეტ ჯებირს შორის არსებული ტიხარი. ანუ, დიდი ალბათობით, წყალი ისევ მოიმატებს – არადა უკვე, ამ ზონაში, სადაც უკვე 15 თვეა ბომბდამშენებისა და არტილერიის ხმა ისმის, ბოლო სამ დღეში უკვე ათიათასობით ადამიანი დარჩა სახლის, ელექტროენერგიის, წლის და მოსავლის გარეშე…

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend