მთავარისაქართველო“მინდა, რომ გამოვიდე...“

“მინდა, რომ გამოვიდე…“

აბიტურიენტები, რაუფი და თაკო უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე აბარებენ. რაუფს სურს, პოლიტიკოსი გამოვიდეს, თაკოს კი ვებ-დეველოპერობა უნდა. ორივეს სურვილია, არჩეული პროფესიით წარმატებას მიაღწიონ და ამისთვის ყოველდღიურად ემზადებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ არის გარკვეული პროგრამები, რომლებზეც გასულ წლებში მოთხოვნა არ იყო, თუმცა წელს პირიქით, ეს სპეციალობები ბევრ აბიტურიენტს აქვს მონიშნული პრიორიტეტად.

ცენტრში აცხადებენ, რომ წელს გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

თაკო მთიულიშვილი აბიტურიენტია. უნდა, რომ ვებდეველოპერი გამოვიდეს. თაკოს აბიტურიენტობა რთული ეგონა, თუმცა სკოლაში დაგროვილი ცოდნით  საგამოცდო საგნებში მომზადება გაუადვილდა.

ამასთანავე, მე-12 კლასის პირველ სემესტრში ნახევარ განაკვეთზეც მუშაობდა. ამბობს, რომ სამსახურში შესვენებაზე უწევდა მეცადინეობა. მეათე კლასამდე უნდოდა, რომ ფილოლოგიურზე ჩაებარებინა, თუმცა ერთმა ამბავმა მისი არჩევანი შეცვალა.

„2020 წელს მე და ჩემმა მეგობარმა მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში „ლეონარდო დავინჩი“, სადაც უსაფრთხო ჩაფხუტი გამოვიგონეთ, ეს იყო ჩაფხუტი მოტოციკლეტის მძღოლებისთვის, რომელსაც გამოსახული ჰქონდა ჩაფხუტზე, როგორი სიხშირით მიდიოდი, რამდენად ახლოს იყავი ობიექტთან, მუსიკაც კი გესმოდა ან ზარი რომ შემოდიოდა, შეგეძლო გეპასუხა და გელაპარაკა. ფინალში გავედით, მაგრამ საპრიზო ადგილზე ვერა, თუმცა ჩემთვის ეს უკვე წარმატება იყო “, – გვიყვება თაკო.

რაუფ ნავრუზალოვს იურისტობა ბავშვობიდან უნდოდა და ახლა სამართალზე აბარებს. მისი მიზანია, პოლიტიკოსი გამოვიდეს  და  თვლის, რომ კარგი პოლიტიკოსი კარგი სამართალმცოდნეც უნდა იყოს.

„თავიდან დაახლოებით მე-8, მე -9, კლასში ძალიან ხშირად ვიღებდი მონაწილეობას იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, მაგრამ რეალურად არ ვიყავი დარწმუნებული, მომავალში რისი კეთება მინდოდა, მაგრამ ჩვენმა დღევანდელმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა უკვე გადამადგმევინა ის ნაბიჯი, რომ მეც მინდა დავდო ჩემი აგური თანამედროვე ქართული პოლიტიკის მშენებლობაში“, – ამბობს რაუფი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ , რომ არის გარკვეული ტიპის პროგრამები,რომლებზეც წინა წლებში არ იყო მოთხოვნა,თუმცა წელს ბევრ აბიტურიენტს მასზე ჩაბარების სურვილი აქვს.

„გამომდინარე იქიდან ,რომ ყველაფერი ვითარდება, იგივე ვთქვათ ამ ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო სხვა მიმართულებები მისცა პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს, ვფიქრობ, თანამედროვე ახალგაზრდები უფრო სხვადასხვა ტიპის პროგრამების არჩევანს თავად წყვეტენ, თუმცა აქვე გეტყვით, ასევე ძალიან დიდ დახმარებას უწევს აბიტურიენტებს ის, რომ თუკი ვთქვათ ისინი აირჩევენ პროგრამას, ჩაირიცხებიან გარკვეულ მიმართულებაზე და სურვილი გაუჩნდებათ, რომ შეცვალონ მათ მიერ არჩეული მომავალი პროფესია მათ მობილობის უფლებაც აქვთ და ამიტომ, ვფიქრობ რომ უფრო მარტივადაც იღებენ ამ გადაწყვეტილებას“.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის არჩევა ახალგაზრდებს უჭირთ და აუცილებელია, რომ მათ სასწავლო დაწესებულებებში აუხსნან ის თუ რას  შეისწავლიან კონკრეტულ ფაკულტეტზე. სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ  პირისპირ შეხვდნენ მათთვის საინტერესო პროფესიის წარმომადგენლებს და ნახონ რას საქმიანობენ ისინი.

„ახლანდელი ცხოვრება განსხვავებულია, ახლანდელ ცხოვრებაში ადამიანების დიდი ნაწილი სხვადასხვა პროფესიას იცვლის თავისი ცხოვრების განმავლობაში და თან რამდენჯერმე. მნიშვნელოვანია ამის გააზრებაც,რომ გარდა სპეციფიკური პროფესიული ცოდნისა მნიშვნელოვანია ზოგადი და ხანდახან ამას ეძახიან ტრანსფერული ცოდნის  და უნარების სწავლაც იმისთვის, რომ თუ ვთქვათ შეიცვალა ჩვენი სამყარო და ისე იცვლება,რომ რაღაც პროფესიები ქრება, შენც შეგეძლოს ადაპტირება გააკეთო შენი შესაძლებლობების“, – მიიჩნევს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

მალე თაკოსთვის და რაუფისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება, თუმცა წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია…

ელენე ქირია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend