მთავარისაქართველო"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნება” პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის გამართულად საქმიანობას ხელს უშლის, რადგან პარლამენტს არ წარუდგინა მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა.

ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.

ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს“, – წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ, მმართველი პარტიისთის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების გამო, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქვეყნისა და დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებას უწოდებს თავად პრეზიდენტის ინსტიტუტი. მმართველი გუნდის ამ განცხადებას, პრეზიდენტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უპასუხა და თქვა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მისივე განცხადებით, ლაშა ხუციშვილს სალომე ზურაბიშვილი კვალიფიკაციას არ უწუნებს, თუმცა მისი დანიშვნით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლად საქმიანობა ეჭვქვეშ დადგებოდა.

„პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ.

დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend