მთავარი საქართველო აშშ-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს

აშშ-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს

კონგრესზე მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა და წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც - მთავრობისა თუ საქმიანი წრეების წარმომადგენლები

ამერიკის შეერთებული შტატები, კონკრეტულად კი ფლორიდის შტატის ქალაქი მაიამი უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს FIABCI-ის მასპინძლობს.

ამ კონგრესის ფარგლებში,  FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებაც შედგება. საქართველოსთვის კი ეს ამბავი იმიტომ არის განსაკუთრებულად საინტერესო, რომ  საჯარო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოზე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონია წარდგენილი.

ფორუმი წელსაც ტრადიციულად მასშტაბურია. მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა და წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც – მთავრობისა თუ საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

კონგრესის გახსნის დღე განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.  დარბაზში შეიკრიბნენ  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული წარმატებული ბიზნესმენები და  გადაწყვეტილებების მიმღები პირები. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქალაქ მაიამის მერი დენ გელბერი, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორი ჯებ ბუში, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი სუზან გრინფილდი და სხვები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული.

სწორედ ამიტომ, და არამხოლოდ, აშშ-ში აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, იგი  ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ფლორიდის შტატის სენატორთან, ანა მარია როდრიგესთან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იყო საუბარი.

„ამ შეხვედრით ჩვენი ურთიერთობები განვამტკიცეთ… ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს, მეტ დასავლურ ინვესტიციას თქვენს ქვეყანაში,, განაცხადა ანა მარია როდრიგესმა შეხვედრის შემდეგ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ასევე შეხვდა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს ელის ანკონას;  მაიამის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქუტიესაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

კონგრესი გრძელდება… გრძელდება შეხვედრებიც.  წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.  სულ მალე კი, მაიამიში, ყველაზე ინოვაციურ და პროგრესულ პროექტებს გამოავლენენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend