საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს. 17 ივნისს ქართველები კვიპროსს ესტუმრებიან, 20 ივნისს კი შოტლანდიას. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გასვლითი მატჩებისა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
“არ ვიცი, რამდენად ცვლის ამოცანას ის ფაქტი, რომ კვიპროსის მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. მას თავისი გეგმა აქვს. ჩვენი მიზანია, ისე ვითამაშოთ, როგორც ეს ნორვეგიასთან მატჩის მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. კარგი ის არის, რომ ახლა მომავალი შეხვედრისთვის მოსამზადებლად 10 დღე გვაქვს. ჯერ კვიპროსისთვის მოვემზადებით შემდეგ შოტლანდიაზე ვიფიქრებთ. გიორგი გველესიანის ნაკრებში გამოსაძახებლად განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს. ბევრი ფიქრობს, რომ ის ეროვნულ გუნდში გამოძახებას უფრო ადრეც იმსახურებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე მისი გამოძახება ახლა გადავწყვიტეთ. ნაკრების შტაბი მას არ იცნობდა, გიორგის მალე გავიცნობთ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. აქ ჩამოსვლის დღიდან ფეხბურთის ფედერაციასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გვესმის, რას ნიშნავს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება. მნიშვნელოვანია, ევროპამ ნახოს, რომ საქართველოს ამგვარი შეჯიბრების კარგად მასპინძლობა შეუძლია. ფეხბურთელების განაწილებაზე ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გაბრიელ სიგუა ახალგაზრდულ გუნდში წავიდნენ. ეროვნული ნაკრები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია, თუმცა ამჯერად, ახალგაზრდული ჩემპიონატიც ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ, ასე გადავწყვიტეთ და შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება თამაშამდე ტაქტიკებზე არ ვსაუბრობ. ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით ვითამაშეთ და კარგი იყო. თუმცა იქ მხოლოდ ტაქტიკა არ ყოფილა, რადგან ფეხბურთელებმა ხასიათი აჩვენეს. პირველ ნახევარში ცოტა მორიდებულად ვთამაშობდით, მეორე ტაიმში კი ბიჭები მოედანზე სხვა მიდგომითა და თავდაჯერებით გავიდნენ. თუმცა ახლა სულ სხვა გუნდებს ვხვდებით და გადაწყვეტილებას უშუალოდ თამაშის წინ მივიღებ ზოგი ამბობს, რომ ნორვეგიასთან ქულები დავკარგეთ, თუმცა მე სხვანაირად ვფიქრობ. ჩვენ 1 ქულა მოვიპოვეთ. კვიპროსი განსხვავებული გუნდია. ერთა ლიგის ერთ-ერთი მატჩის წინ ვთქვი რომ ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და გამიმართლა, თუმცა გამეორებას აღარ ვაპირებ. ახლა ვიტყვი, რომ მთავარია, კარგად ვითამაშოთ, ხასიათით, დისციპლინითა და ამბიციით გავიდეთ მოედანზე. თუ ამას მოვახერხებთ, შედეგი თავისთავად გვექნება, ფეხბურთში კი ნებისმიერი ანგარიშით შესაძლებელია მატჩის დასრულება. სტუმრად ორი შეხვედრის ზედიზედ გამართვა მარტივი არ არის, თანაც, როცა ხანგრძლივი ფრენა გვიწევს, თუმცა ამას ვერ შევცვლით. ტიტულების მოგება ყოველთვის ემოციებს იწვევს, ადამიანები კარგ ხასიათზე არიან და ეს განწყობა გუნდში მოაქვთ. ამიტომ მიხარია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყანაში ტიტულები მოიგეს და იმედი მაქვს, ამ განწყობას გუნდშიც გაავრცელებენ და ეს შედეგზეც აისახება. არ ვიცი, ახლანდელი შემადგენლობა არის თუ არა საუკეთესო მათ შორის, რაც აქამდე გვყოლია. კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სეზონის ბოლოა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხვიჩა კვარაცხელიაზეც, ბოლო კვირებში გაუჭირდა და ეს ნორმალურია. ადგილზე უნდა ვნახოთ, ვინ როგორ ფორმაშია. როგორ მართლდება მოლოდინები? ბავშვს შეუძლია, “ფერარის” ფლობის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ამაზე ფიქრით “ფერარის” ვერ იყიდის. კარგად უნდა ისწავლოს, კარგად უნდა იშრომოს და შესაძლოა, “ფერარის” შეძენა მოახერხოს. ასე ვართ ჩვენც, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, მაგრამ ტურნირისკენ გზა ბევრ შრომასა და კარგ ფეხბურთზე გადის. ნორვეგიასთან დაცვაში გვქონდა პრობლემები, თუმცა ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არ იყო. დაცვა თავდასხმიდან იწყება. მე ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ, ვიცი, თუ ისინი ბევრს იმუშავებენ ჩვენს კარში გოლის გატანა ძალიან რთული იქნება. კვიპროსსა და შოტლანდიაში ამას ველოდები. გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. არა მხოლოდ გოლებია მნიშვნელოვანი, არამედ ისიც, თუ როგორ გადაადგილდებოდა მოედანზე, როგორ სურდა თამაში. ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში გაუმჯობესებული ვარჯიშების შედეგია. დარწმუნებული ვარ, მას გოლების გატანა უმაღლეს დონეზე შეუძლია. არ ვიცი, დარჩება თუ არა მეცში, თუმცა მან ჩემი აზრი იცის. სადაც არ უნდა გადავიდეს, უნდა თამაშობდეს, რადგან საჭირო მოტივაციას მხოლოდ ასე მიიღებს შოტლანდიას კარგი შედეგები აქვს, სახლში კარგად თამაშობს და პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებს. თუმცა, მე მირჩევნია, ახლა კვიპროსთან გასამართ მატჩზე ვიფიქრო”, – ამბობს ვილი სანიოლი.