რუსეთის ციხეში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მის 47-ე დაბადების დღეზე ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
“ჩვენ აქციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაწყობთ, რათა ნავალნის საქმეს ყველამ მიაქციოს ყურადღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბოლომდე შეისწავლონ მისი საქმე, რადგან სწორედ ეს არის ის, რაც რეალურად იცავს მას“, – მიიჩნევს ალექსეი ნავალნის წარმომადგენელი, კირა იარმიში.
ნავალნის მხარდამჭერები მსგავს საპროტესტო აქციებს რუსეთში ვერ მართავენ. რუსმა სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს 45 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის მხარდამჭერ აქციებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
ნავალნი უკვე ორი წელია, პატიმრობაშია. მას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის. ნავალნის მიაჩნია, რომ ეს ბრალდებები რუსეთის მთავრობამ მის დასასჯელად შეთხზა, რადგან მან კრემლი კორუფციაში ამხილა და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გამართა.
ნავალნის წინ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის. მას ასევე ექსტრემიზმში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა რამდენიმე ათეული წლით მიესაჯოს პატიმრობა.