რუსული მედია უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში დაბომბვის შედეგად მიღებულ ზიანზე საუბრობენ.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგოროდის რეგიონში მდებარე ქალაქ შებეკინოს საარტილერიო და სარაკეტო ძალებით შეუტიეს.
განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომაც.
„დღეს დილით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ჯარებისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებით კიევის რეჟიმის კიდევ ერთი იერიში ჩაიშალა. დილის 3 საათზე უკრაინული მხარის მიერ მომზადებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა ტანკების დახმარებით იერიშის მიტანა სცადეს, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების თავდადების ხარჯზე მათი შეტევა მოგერიებულია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იგორ კონაშენკოვმა.
ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად 8 მოქალაქე დაიჭრა, მიმდინარეობს რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
„ბელგოროდის რეგიონისთვის ცუდი დილა გათენდა. ქალაქი შებეკინო დაიბომბა. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნახელავია. 8 ადამიანი დაიჭრა. არავინ დაღუპულა, ვაგრძელებთ მოსახლეობის ევაკუაციას“, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ბელგოროდზე იერიში რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა მიიტანა, კიევი ამ იერიშთან კავშირს უარყოფს.
ეს სამხედრო შენაერთი ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროებისა და დაქირავებული მებრძოლების დანაყოფია და მათი მიზანი ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციაა.