კოსოვოში ნატოს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცებმა ქალაქ ზვეჩანში თავდაცვითი ბარიერების აღმართვა დაიწყეს.
ეთნიკურ სერბებთან დაპირისპირების შედეგად, უკვე ნატოს 40-მდე მშვიდობისმყოფელია დაშავებული.
ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე ქალაქ ზვეჩანში ეთნიკური სერბები სამთავრებო შენობების დაკავებას ცდილობენ. ეს ქალაქი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინადან 40 კილომეტრში მდებარეობს.
„მე მსურს, მადლობა გადაგიხადოთ აქ მოსვლისთვის. ჩვენ მშვიდობიანი მეთოდებით ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს საფრთხეს უქმნის. ჩვენი სიცოცხლის წყურვილი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მათი სურვილი, რომ ჩვენ გაგვანადგურონ. ყალბი არჩევნებით არჩეულ მერებსა და წარმომადგენლებს მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქალაქებიდან თავი შორს დაიჭირონ. ვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებასაც”, – მიმართა შეკრებილებს ადგილობრივმა სრდან მილოსავლჯევიჩმა.
არსებული ვითარების ფონზე, ნატო რეგიონში დამატებით 700 ჯარისკაცს აგზავნის.
დაპირისპირება გასულ კვირას დაიწყო, კონფლიქტის მიზეზი კი არჩევნებია. ადგილობრივმა სერბებმა საარჩევნო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, არჩეული წარმომადგენლები და მერები კი სამთავრებო შენობებში არ შეუშვეს.
ნატოს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები, ეთნიკურად ალბანელ წარმომადგენლებსა და მერებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
„ეს ჩვენი მიწაა და ჩვენ არ დავიღლებით. ჩვენს მიწაზე დაუპატიჟებელი სტუმრები იმყოფებიან და მათი მიზანი ერთია, ქაოსის და დაპირისპირების გამოწვევა. ალბინ კურტის რეჟიმი უკვე ერთი წლის განმავლობაში ცდილობს, ჩვენს პროვოცირებას და ევროპაში კიდევ ერთი კონფლიქტის დაწყებას”, – აცხადებს ადგილობრივი იგორ სიმიჩი.
სერბეთის ხელისუფლებამ კი კოსოვოს სიახლოვეს ჯარების მობილიზაცია დაიწყო.