მთავარი საქართველო ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადი დაწესდა

ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადი დაწესდა

მთავრობა ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადს აწესებს. ეს რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შედეგია. ამიერიდან, 5 თვის განმავლობაში ერთ ტონა იმპორტირებულ ფქვილზე მოსაკრებელი 200 ლარი იქნება. თუმცა, მთავრობაში ამბობენ, რომ აქვთ გარანტიები, რომ ეს პოლიტიკა  საქართველოში პურს არ გააძვირებს.

ეს ამბავი  რუსული  ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული პრობლემების გამო გადაწყდა.  საქსტატის მონაცემებით, საქართველო ხორბლისა და ფქვილის იმპორტით ძირითადად სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული. 2 წლის წინ მოსკოვმა ხორბლის ექსპორტზე  გადასახადი  დააწესა, ფქვილის ექსპორტი კი არ იბეგრება, ამიტომ ქართველმა იმპორტიორებმა ძირითადად ფქვილის შემოტანა დაიწყეს- ეს უფრო მომგებიანი იყო… ამ ამბავმა საქართველოში წისქვილკომბინატები გააჩერა, ამიტომ, შემოსავლის გარეშე დარჩა ქართველი ხორბლის მწარმოებლების ნაწილი, რადგან მათ მიერ მოწეულ მოსავალს გაჩერებული წისქვილკომბინატები ვეღარ იბარებდნენ.

„ეს დადგენილება ეხება ნებისმიერ იმპორტირებულ ფქვილს. თავისთავად ცხადია ეს დადგენილება ვერ იქნებოდა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ვინაიდან საკანონმდებლო ბაზა არ გულისხმობს ერთ რომელიმე ქვეყანასთან დაკავშირებით გადასახადების შემოღებას. თუმცა, თავისთავად ცხადია, იქიდან გამომდინარე რომ ძირითადად იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, ამის ეფექტი უფრო მეტად იქნება რუსული ბაზრიდან შემოტანაზე და პრინციპში ეს გააჯანსაღებს ბაზარს“, – ამბობს ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

დარგის სპეციალისტთა აზრით, ახალმა დროებითმა პოლიტიკამ წესით ბაზარი უფრო კონკურენტული უნდა გახადოს, რის გამოც ძირითადად დათმობაზე წასვლა წისქვილკომბინატებს მოუწევთ. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ არ მიჰყიდონ პურის მცხობელებს ერთი ტომარა ფქვილი 52 ლარზე ძვირად – ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლებისგან კი კილოგრამი  სულ ცოტა 70 თეთრად უნდა შეიძინონ- აქაც ხარისხს გააჩნია…

პურის მრეწველთა კავშირი პურის მცხობელებს აერთიანებს. ამ ასოციაციის ცნობით,  საქართველოში ამ ეტაპზე დაახლოებით 2500 იურიდიული  პირია დარეგისტრირებული, რომელიც პურპროდუქტებს აწარმოებს. არიან  ასევე ფიზიკური პირებიც.  პურის მრეწველთა კავშირში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება  პურის მცხობელებს  ხარისხისა და ფასის მხრივ არჩევანის თავისუფლებას შეუზღუდავს…

„გააჩნია, როგორი ხარისხის ფქვილს მოგვაწვდიან ჩვენი წისქვილები. აქ ფქვილში მთავარია წყლის შთანთქმის უნარი, რომ უფრო ელასტიკური პური გამოვიდეს, წყლის შთანთქმის უნარი მაღალი ჰქონდეს. ბევრი ფაქტორია: სინესტე, წონა და ასე შემდეგ… ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია – ვნახოთ, აბა რას მოგვაწვდიან ისინი“, – ამბობს მალხაზ დოლიძე, პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე.

უკვე ორი წელია საქართველოში პური ძირითადად   რუსული წარმოების ფქვილით ცხვება. თუმცა საქართველოს მთავრობის სასურსათო უსაფრთხოების გეგმები სულ სხვაგვარია. ამჯერად ქვეყანა  ხორბლის შიდა მოხმარების 15%-ს აწარმოებს და გეგმის მიხედვით ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა გაიზარდოს…. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ შესაძლოა მთავრობის დროებითმა პოლიტიკამ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელი შეუწყოს, თუმცა ეს რეგულაცია დროებითია და ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend