მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროპის დახელოვნების წელი მომავლის მუშახელს გაზრდის

ევროპის დახელოვნების წელი მომავლის მუშახელს გაზრდის

ევროპაში სულ უფრო ღრმავდება კვალიფიციური მუშახელის კრიზისი, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს გაციფრულება და მწვანე ეკონომიკაზე გარდამავალი ეტაპი. ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკომისიამ „ევროპის დახელოვნების წელი“ გამოაცხადა. მაინც რას ნიშნავს ეს ნაბიჯი? და როგორ უნდა  ვუპასუხოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს?

„ევრონიუსი“ დანიაში, ქალაქ ოდენსეში ჩავიდა, რათა ენახა ის კომპანიები, რომლებიც მომავლის რობოტებს აწარმოებენ და გაეგო მათი სტრატეგია –  თუ როგორ ამზადებენ მუშახელს და როგორ იზიდავენ ნიჭიერ კადრებს, რათა  წარმატებით განახორციელონ საკუთარი პროექტები.

The NextGen Robotics კონსორციუმი  ახალი თაობის რობოტებს ქმნის და ავტონომიურ გადაწყვეტილებებს ამუშავებს. ეს კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს უნივერსიტეტებსა და ადგილობრივ კომპანიებს, როგორიცაა Inrotech-ი, რომელიც შემდუღებელი რობოტების დიზაინს ქმნის.

ამ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ფილიპმა  3D მოდელირება ისწავლა, რათა მეტი კლიენტი მოიზიდოს.

ფილიპ ტოფტ ჰალსკოვი, Inrotech-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„ზოგჯერ ძალიან რთულია, რომ მომხმარებელს აჩვენო, თუ როგორი იქნება რობოტი ან როგორ იმუშავებს. ამიტომ გადავწყვიტე, მესწავლა, თუ როგორ მოვახერხო, მაგალითად, ამ რობოტის ვიზუალიზაცია, რათა ვაჩვენო, როგორ მუშაობს და როგორ შეძლებს მომხმარებელი მის გამოყენებას წარმოებაში.“

თავის მხრივ,ინჟინერ-მექანიკოსმა კრისტიან რირბერგ შმიდტმა საკუთარ კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგა და გაიარა გადამზადება, რათა ტექნიკური მონაცემების მართვის სისტემა ესწავლა.

კრისტიან რირბერგ შმიდტი:

„დანიაში ბევრი არ გადის ამ კურსს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სისტემის დანერგვა და ამ კუთხით რომ გავიწაფე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.“

კონკურენციას რომ გაუძლოს, Inrotech-ი დადებით სამუშაო გარემოს ქმნის, რათა ნიჭიერი კადრები მოიზიდოს და შეინარჩუნოს. კომპანია NextGen Robotics-ს მრავალგვარი კვალიფიკაციის მუშახელი სჭირდება, დაწყებული ხელოსნით და დამთავრებული პროფესორით, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, განმარტავს ამ კონსორციუმის კოორდინატორი კასპერ ააგარდი.

„ჩვენი სტრატეგიის ფორუმზე გაწაფული მუშახელი მთავარ პრობლემად დასახელდა.  სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან მუშაობის ექვსი სრულიად განსხვავებული მეთოდი,“ – ამბობს კასპერი/

ამიტომ NextGen Robotics-ი  ევროპული ფონდების დახმარებით ინვესტიციებს დებს ტრენინგსა და კვალიფიკაციის გაუმჯობესებაში. კომპანია უცხოეთიდანაც აპირებს ნიჭიერი კადრების მოზიდვას, ისეთის, როგორიც, მაგალითად, რეზაა. ამ ირანელმა რობოტების ინჟინერმა, გადაწყვიტა, რომ კვლევა აქ, ოდენსეში, განეხორციელებინა, სადაც ის დიდი სტრუქტურებისთვის საჭირო  რობოტების  პროტოტიპზე მუშაობს.

მოჰამედ რეზა იაზდი სამადი, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის რობოტების ინჟინერი:

„უნივერსიტეტს აქვს განყოფილება, რომელსაც S2 Robotics-ი ეწოდება და რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენ ვაპირებთ, აქ ავაშენოთ უზარმაზარი ცენტრი და  ვცდილობთ, რომ ავტომატიზაცია და რობოტექნოლოგიები შევიტანოთ საზღვაო, სამშენებლო და ენერგეტიკულ სექტორებში.“

საუკეთესო კადრებისა და მეცნიერების დასაქმების მეშვეობით რობოტების საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი რომ დარჩეს, NextGen Robotics-ი მხოლოდ უნარების განვითარებას არ ეყრდნობა.

„ თუ ჩვენ უცხოელ ბოლო კურსის სტუდენტს მოვიყვანთ, რამდენიმე სხვადასხვა მოდელზე ვმუშაობთ და ვარკვევთ, თუ როგორ შეიძლება ისინი შევინარჩუნოთ მომავალში. დანიური კომპანიები ცდილობენ, რომ მიმზიდველი სამუშაო გარემო შექმნან. თქვენ შეძლებთ იმუშაოთ ისეთ კომპანიაში, სადაც თქვენს შესაძლებლობებს ბოლომდე გაშლით და არ შეასრულებთ მხოლოდ დაკისრებულ ფუნქციას,“ – ამბობს კასპერ ააგარდი.

2022 წელს ევროკავშირში ვაკანსიების მაჩვენებელი 2.8 პროცენტი იყო. მათ შორის არის რუმინეთის 0.8 პროცენტი და ავსტრიის 4.6 პროცენტი.   ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება პანდემიამდელ დონეს ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში.

მაინც რას წარმოადგენს ევროკომისიის უნარების გაუმჯობესების  სტრატეგია? მოდით, მოკლედ გადავხედოთ მაჩვენებლებს.

მთელ ევროკავშირში დამსაქმებლები ამბობენ, რომ უჭირთ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის პოვნა. ევროპის 25 მილიონი მცირე და საშუალო კომპანიისგან შემდგარი სექტორის მეოთხედი ამბობს, რომ ყველაზე დიდ პრობლემას კვალიფიციური მენეჯერისა და პერსონალის დაქირავება წარმოადგენს. ევროპის სოციალური უფლებების სპეციალური პაკეტი   განათლებისა და გადამზადების გარანტირებულ უფლებას იძლევა. თუმცა ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 37 პროცენტი სარგებლობს ტრენინგით, ამიტომ ევროკავშირს სურს, ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდე გაზარდოს.

დახელოვნების წლის ინიციატივის მთავარი მიზნები შემდეგია: ინვესტიციების ჩადება ტრენინგსა და დაოსტატებაში; დამქირავებლის მოთხოვნისა და მუშახელის მონაცემების დაწყვილება; დასაქმების ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებთან მუშახელის მისწრაფებებისა და უნარების შეთავსება; კვალიფიციური კადრების მოზიდვა უცხოეთიდან ევროკავშირში.

ამ მიზნების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი წამყვანი მექანიზმია „უნარების პაქტი“, რომელიც საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ეხმარება, რომ  განსაზღვროს, რა მიმართულებით არის კვალიფიკაციის დეფიციტი და აღმოფხვრან იგი. პაქტს უკვე 1500 ორგანიზაცია შეუერთდა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ  ევროპელებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და შეცვლის სულ მცირე 10 მილიონი შესაძლებლობა მისცენ.

ამ სტრატეგიის შესასრულებლად ევროკომისიამ 65 მილიარდი ევრო გამოყო, რათა წაახალისოს სახელმწიფოები, რეგიონები და კომპანიების ტრენინგში ფული ჩადონ.  ნიკოლას შმიტი, რომელიც ევროკომისარია დასაქმებასა და სოციალურ საკითხებში, თვლის, რომ „ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა მთავარი პრობლემა გადაიჭრას. ჩვენ ვსაუბრობთ მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი კვალიფიკაციის შეცვლა ან გაუმჯობესება სჭირდებათ. ამიტომ ეს არის ევროპის საკუთარ ეკონომიკურ მომავალთან შეხვედრის ადგილი – სადაც ახლა ციფრულ თუ მწვანე პლატფორმაზე გადასვლა მიმდინარეობს.“

რაც შეეხება  დღეს ყველაზე მოთხოვნად უნარებს  ევროპაში? ევროკომისარი განმარტავს, რომ ასობით ათასი ვაკანსია დევს ციფრულ  სფეროში და  სამშენებლო სექტორიც სულ ეძებს კვალიფიცირებულ მუშახელს. თუმცა მისი აზრით, მრავალი ისეთი პროფესია არსებობს, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ, რადგან ტექნოლოგიები სულ ვითარდება და იცვლება კლიმატის ცვლილების გამო.

„არადა, ამ პროფესიებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ შეგირდობაზე, რადგან გადამზადების შემდეგ დასაქმება უფრო ადვილია,“ – ამბობს ევროკომისარი.  იგი აღიარებს, რომ  „ჯანდაცვაში კადრების დეფიციტია და სამუშაო პირობები ყოველთვის შესაბამისის არ არის. ამიტომ მეტი კადრი უნდა გადავამზადოთ. თუმცა საჭიროა მათი უკეთ დაფასება როგორც საზოგადოებაში აღიარების, ისე ანაზღაურების თვალსაზრისითაც.“

რაც შეეხება მთავრობისა და კომპანიების წახალსიებას რომ მეტი ინევსტიცია ჩადონ ე.წ. სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კონცეფციაში, ნიკოლას შმიტი თვლის რომ დახელოვნების წელი კარგი შესაძლებლობაა ამ კუთხით.

„ რადგან ჩვენ გავაორმაგებთ ძალისხმევას, წარმოვაჩენთ სამაგალითო პროექტებსა და გამოცდილებას.  თანაც ევროპის ბიუჯეტიდან 65 მილიარდი ევრო გამოიყო ტრენინგებზე. გვაქვს ევროპის სოციალური ფონდი, ასევე ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გამძლეობის ფონდი. ეს ძალიან დიდი ფულია. მაგრამ ეს ფული მიზნობრივად უნდა დავაბანდოთ. ჩვენი უნარების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია.  ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ რეალობად ვაქციოთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ,“ – ამბობს ევროკომისარი.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend