საქართველო, როგორც გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ექსპორტისა და იმპორტის მხრივ, დიდწილადაა დამოკიდებული განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებზე.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით იზრდება ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი.
16 წლიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებზე, როგორებიცაა – რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი, ჯამურად 20-ს შეადგენს. კონკრეტულად 2022 წლის მაგალითზე კი თითქმის 31%-ია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დემოკრატიული ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტში წლების განმავლობაში მცირდება და ან მინიმუმ სტაბილურად არ იზრდება.
“ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ვინც არის რეგიონში და სამეზობლოში, განსაკუთრებით რუსეთი და რა თქმა უნდა აზერბაიჯანი, მიეკუთვნებიან ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ უკვე ვნახეთ რუსეთთან დაკავშირებით არაერთი შემთხვევა, მაგალითად ემბარგო. გავიგეთ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება შეიცავს საფრთხეებს. თუ პოლიტიკურად საჭირო გახდა, ასეთი ტიპის მმართველობის ქვეყნები, ამას სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მათზე დამოკიდებული ვართ ვაჭრობის მხრივ. დიდია ექსპორტ-იმპორტის წილი ქართულ ეკონომიკაში. ასევე ფულადი გზავნილების მიმართულებითაც. რისკების მაქსიმალურად შემცირებისთვის ბაზრის დივერსიფიცირებაა საჭირო“, – აცხადებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა „კომპონენტის“ ხელმძღვანელი.
ანგარიშის ავტორები ყველაზე სახიფათოდ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურად მიბმის მზარდ ტენდენციას მიიჩნევენ. განსაკუთრებით კი 2022 წლიდან. ხიფათის მთავარ მიზეზად რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენების არაერთ შემთხვევას ასახელებენ.
კვლევაში წარმოდგენილი დიაგრამების მიხედვით ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი რუსეთზე მხოლოდ 2022 წლის მასშტაბში ასე გამოიყურება: იმპორტის საერთო წილში – 14%, ექსპორტის სრულ წილში კი – 12%.
მონაცემები, იგივე მიმართულებებით დათვლილია სრული დემოკრატიის მქონე ევროკავშირის ქვეყნებთანაც. 2022 წელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი სრული მოცულობის 5%-ს შეადგენს. იმპორტი კი – 8%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განგაშის საფუძველს სწორედ ეს სურათი იძლევა.
„დინამიკაში თუ შევხედავთ, 2007 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნებზე ეკონომიკურად დამოკიდებულება 20%-ით არის გაზრდილი. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ევროკავშირთან მიმართებაში იგივე მაჩვენებლები მცირდება, თუმცა ჯერ კიდევ მაინც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტში ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, მზარდი ტენდენციაა მაგალითად რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების. რეკომენდაციის მხრივ მთავრობის ადა კერძო სექტორის მიმართ ვიტყვი, რომ გააძლიერონ ძალისხმევა და მუშაობა დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)” დირექტორის მოადგილე ირინა გურულმა.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ წარმომადგენლები ანგარიშში მოყვანილი ტენდენციების გასაჯაროების გარდა, რეკომენდაციებითაც მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას. მათი თქმით, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად მთავრობამ ორიენტირი სრული დემოკრატიის ქვეყნებისკენ უნდა მიმართოს. ამისთვის კი, ისეთი რეფორმები უნდა გაატაროს, რომ საქართველო ეკონომიკურად არა რუსეთსა და ჩინეთზე, ან აზერბაიჯანზე, არამედ ევროკავშირის თავისუფალ ბაზართან იყოს დაკავშირებული.
ალეკო გვეტაძე