დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. მისივე თქმით, რუსეთთან ორმხრივად აღდგენილი ფრენების, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებისა და ბუნდოვანი საგარეო კურსის წარმოების გამო.
პრეზიდენტის ეს განცხადებები კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტს ოპოზიციის საქმის კეთებაში ადანაშაულებენ.
“პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები განსხვავდება იმ პრეზიდენტის უფლებებისგან, რომელიც არის არამარტო სახელმწიფოს მეთაური, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. ასეთ პირობებში, როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას. პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას – მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
სატელევიზიო კომენტარების გარდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი არ გამოხატავს მისი ამომრჩევლის და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს. „ქართული ოცნება“ ერთგვარ მორატორიუმს აცხადებს და პრეზიდენტის მიმართ უფრო მწვავე შეფასებებისგან ამიერიდან თავის შეკავებას აპირებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარმოთქმულ სიტყვას უწონებს და მის პათოსს იზიარებს. მოცემული სიტუაციის გასანეიტრალებლად კი სალომე ზურაბიშვილს, სიტყვიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, თუ პრეზიდენტი თავის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს – შეწყალების უფლებას გამოიყენებს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ, ეს იქნება იმის დასტური, რომ ის ნამდვილად დგას სწორ მხარეს. ეს კი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რეალური საქმე იქნება.
„კარგი იქნება რომ პრეზიდენტი ძალიან შეშფოთდეს არსებული საფრთხეების გამო, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული მომავლის შანსი. სიტყვიდან საქმის დროა. ეს მშვენივრად მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს პრეზიდენტის სწორი განცხადებები. მმართველი პარტია განცხადებების დონეზეც კი გარუსდა. მაგრამ მხოლოდ საუბრით პრეზიდენტისგან, მე ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული. მას შეუძლია და განცხადებებს მოაყოლოს საქმე. ეს პირველ რიგში მედიის დამოუკიდებლობის დაცვაა და მან უნდა შეიწყალოს „მთავარი არხის“ მენეჯერი ნიკა გვარამია“, – განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას 26 მაისის ღონისძიების ინციდენტს უკავშირებს. მისი განცხადებით, მმართველი პარტია სწორი კრიტიკისა და მომხდარი ფაქტის გადაფარვას ცდილობს.
„ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. პრეზიდენტის კრიტიკა თუ უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა მსხილაძემ.
პრეზიდენტს ოპოზიციის მსგავსად, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ღრმა პოლიტიკურ მიმოხილვებში არ შედიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ფრთხილად ახსენებენ, რომ მის ხელში ახლა დიდი ბერკეტია, რაც უნდა გამოიყენოს და ამით პოლიტიკური ვითარებაც სავარაუდოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.
“ქალბატონმა პრეზიდენტმა 26 მაისს შესანიშნავად წარმოსთქვა თავისი სიტყვა. მე პირადად მომეწონა. ნამდვილად სწორი აქცენტები იყო გაკეთებული. მაგრამ, რა თქმა უნდა ეს კარგი და სწორი რიტორიკა საქმითაც უნდა გამყარდეს. რეალური უფლებამოსილება, რაც დღეს პრეზიდენტს გააჩნია, ვგულისხმობ შეწყალებას, ქალბატონმა სალომემ უნდა გამოიყენოს. გაბედოს და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.
კიდევ ერთი საჯარო გამოსვლა, ამჯერად საერთაშორისო დონეზე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ექნება 31 მაისს. პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.
ალეკო გვეტაძე