2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობის რიცხვი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზნით საქართველოს საზღვარი 585 ათასზე მეტჯერ გადაკვეთეს.
საიდანაც 255 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 76.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსკურსიული ტიპის ვიზიტების რაოდენობამ, რაც ღამის გათენების გარეშე ვიზიტს გულისხმობს, ამ პერიოდში 193 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ეს რიცხვი 72 ათასამდე იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთსა და სომხეთში მოგზაურობენ. ვიზიტების 13,2% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელდა, 6,8% კი რუსეთში.
და რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად, საქსტატის ინფორმაციით ვიზიტის მიზანს ყველაზე ხშირ შემთხვევაში საყიდლები წარმოადგენს.
ვიზიტების უმრავლესობა, 49%-ზე მეტი 31-დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელდა.
2022 წელთან შედარებით გაზრდილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მონაცემები. მაგალითად 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების მოგზაურობა 5,7%-დან, 15,4%-მდეა გაზრდილი.
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან კაცები უფრო მეტს მოგზაურობენ ვიდრე ქალები. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა იმავე მონაცემები კაცების შემთხვევაში 54,6%-ია.
ანანო ღუდუშაური