მთავარისაქართველოსაქართველოში ფერმერები ისევ ვერ ყიდიან შარშანდელ ხორბალს

საქართველოში ფერმერები ისევ ვერ ყიდიან შარშანდელ ხორბალს

მინდია გუშიკაშვილმა წელს ორჯერ მეტი ხორბალი დათესა ვიდრე შარშან. როგორც თავად ამბობს, ასე ბევრი ფერმერი მოიქცა – რეგიონში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი რომ არ შექმნილიყო. ხორბლის მწარმოებლები ამ მოსავალს რამდენიმე კვირაში აიღებენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ, საცავებში, ჯერ კიდევ ძველი მარაგები აქვთ და ვერ ყიდიან….   ფერმერები ამბობენ, რომ წელს ამ პროდუქტზე მოთხოვნაც არ არის და   ბაზარზეც ხორბლის  ფასი მის  თვითღირებულებაზე ნაკლებია…

ეს ჩვენთვის კატასტროფაა! ახლა ფასი დაახლოებით 40-45 თეთრია, თვითღირებულება კი 60-65 თეთრი იყო…“ – ამბობს მინდია გუშიკაშვილი.

ფერმერები აცხადებენ, რომ წელს ყანების გაფართოებაც უფრო დიდ ხარჯებს უკავშირდება, რადგან მიწის იჯარაც გაძვირდა. პრობლემაა შესანახი  სათავსოებიც.  თამაზ ბალიაშვილმა   ოც დღეში უკვე ახალი მოსავალი უნდა აიღოს, მაგრამ  საცავი ისევ შარშანდელი მოსავლით  აქვს სავსე. ის ამბობს: „მოსავლის აღებამდე შევინახავთ… სხვა გზა არ გვექნება, მერე რა ფასიც იქნება იმ ფასად უნდა ჩავაბაროთ ძველი ხორბალი…“

როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, მოთხოვნა ადგილობრივ ხორბალზე რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის გამო შემცირდა. მათი თქმით, საქართველო ამ მხრივ მეტწილად სწორედ  რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, რადგან ქართული ხორბალი სიმცირის გამო სხვადასხვა ჯიშების ნაერთია. ფქვილის დასამზადებლად მას კიდევ უნდა დაემატოს სხვა ჯიშები, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან შემოაქვთ.

ორი წლის წინ რუსეთმა ხორბალზე ექსპორტის გადასახადი დააწესა, თუმცა ფქვილი არ იბეგრება, ამიტომ ქართველ იმპორტიორებს ფქვილის შემოტანა უფრო უღირთ, ვიდრე ხორბლის  და ამის გამო საქართველოში წისქვილკომბინატებიც გაჩერებულია.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა  ამბობს:  „წელს უკვე მცურავი ბაჟი ძალიან მაღალია – დაახლოებით 70 დოლარი ერთ ტონაზე. ამიტომ, წისქვილკომბინატებს არ უღირთ შემოტანა და კონკურენციაში შესვლა იმპორტირებულ ფქვილთან. შესაბამისად,  მათ მუშაობა შეაჩერეს და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ფერმერებმა, რომელთაც მოწეული ჰქონდათ შარშანდელი მოსავალი  –  წელს წისქვილკომბინატებს ხორბალი ვერ ჩააბარეს“.

ამ პრობლემის თაობაზე დარგის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქვთ კომუნიკაცია. სამინისტროში აცხადებენ, რომ  აუცილებელია ისეთი გზის პოვნა, რომ ფერმერების პრობლემაც მოგვარდეს და თან პურიც არ გაძვირდეს.

საქართველოს მარცვლეულთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს:  „გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში, როგორც დაგვპირდნენ შესაძლოა სუბსიდიაც განიხილონ. თუმცა,  ამ შემთხვევაში წისქვილკომბინატები კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან, რადგან მათ მხოლოდ ერთჯერადად  მოუწევთ ამუშავება,  მხოლოდ ქართული ხორბლისთვის,  რაც ძალიან  ცუდი იქნება“. 

ახლა წისქვილკომბინატებიც და ხორბლის მწარმოებლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მოსავლის აღებამდე კი, თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ფერმერებმა არ იციან, სად უნდა შეინახონ ახალი მოსავალი, როცა შარშანდელი ხორბალიც არ გაუყიდიათ.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend