მთავარისაქართველოიუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორი კვირით გადაიდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორი კვირით გადაიდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებით სრულად დასაკომპლექტებლად , დამატებითი ორკვირიანი ვადა საკონსულტაციოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მოულოდნელად 18 მაისის სხდომაზე შესთავაზა დეპუტატებს. მაშინ როდესაც, სხდომათა დარბაზში დეპუტატების ფაქტობრივად სრული დასწრება იყო, მმართველმა პარტიამ დარჩენილი 2 წევრის დასამტკიცებლად, კენჭისყრა ფორმალურად გაიარა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანდიდატები კარგად უნდა შეარჩიონ, რადგან მისივე თქმით –

“ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იძულებით აკომპლექტებს მმართველი პარტია, რადგან ოპოზიციამ მისთვის  მიცემული ვადა, კანდიდატების დასახელებისთვის არ გამოიყენა.

„ჩემი შემოთავაზებაა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის შემდეგი 10 დღე. რეგლამენტით 2 კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაა წარმოდგენილი. დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრებისადმი ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ არცერთ კანდიდატს და დავიტოვოთ სივრცე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ პლენარულ სხდომამდე, რომელიც 10 დღის შემდეგ ჩატარდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ერთგვარ მავნებლურ „ხრიკს“ იყენებს და ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესები საკანონმდებლო ორგანოში, ამის დადასტურებაა. მათივე თქმით, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების“ მიზანია, არც ერთი დამოუკიდებელი წევრი არ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ამით ე.წ. „სასამართლო კლანი“ კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების გაყვანა კლანის გაძლიერებას, მის ჩაბეტონებას და კლანისთვის იმ გზავნილის გაგზავნას ნიშნავდა – ნუ გეშინიათ, აშშ, ევროპა, ოპოზიცია, ხალხი ვერაფერს დაგაკლებთ, მხარდამჭერებს ოპოზიციაშიც ვიპოვით და თქვენ მიმართ მოცემულ პირობებს შევასრულებთ. ეს დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ ამაში მიეხმარნენ. კანდიდატები, ვისთვისაც ოპოზიციას შეიძლება ხმა მიეცა, იყვნენ სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, კახა წიქარიშვილი და როინ მიგრიაული”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მმართველი და ზედამხედველი ორგანოა. ეს უწყება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან შედგება. პარლამენტს 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნის უფლება აქვს.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი 3 კანდიდატი უკვე დამტკიცდა. დარჩენილია 2 ვაკანტური ადგილი და ასევე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულია 4 კანდიდატი. მომდევნო კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend