რეისის მოსკოვი-თბილისი პირველ ფრენამდე, რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებას და თბილისიდან პოზიტიურ შემხვედრ პასუხს, უკვე რამდენიმე დღეა, მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები.
პარლამენტის ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაგმეს კრემლის პროვოკაციული ნაბიჯი და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც, რომელმაც მათი თქმით, სიხარულით მიიღო ამჯერად უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის მწარმოებელი რუსეთის ეს შემოთავაზება – თანამშრომლობა ჰაერში.
დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქართული მხარის თანხმობა დაუყოვნებლივ გააუქმოს.
„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აძლიერებს ოკუპაციას და დგამს ანექსიისკენ ნაბიჯებს, როდესაც იტაცებს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს მოსახლეობას, როდესაც მოსახლეობის გაცხადებული სურვილი არის, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, 36 ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ფრენა აკრძალული, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იმავდროულად, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და „ქართული ოცნების“ ლიდერის გუშინდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა დამატებით იზოლაციაში მოახდინოს დასავლეთისგან საქართველო, გააძლიეროს რუსული გავლენები. ამიტომ ჩვენ, ქალი დეპუტატები, კიდევ ერთხელ ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
ქალ დეპუტატებთან ერთად, იგივე პოლიტიკურ განწყობაზე არიან პარლამენტის კაცი დეპუტატებიც ოპოზიციიდან.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრთხილ, მოზომილ და დიპლომატიური განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამ დიპლომატიურ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხიც. პასუხისმგებლობის მხოლოდ რუსეთის მხარეზე გადატანა არ გამოვა, რადგან თანხმობის გაცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს არღვევენ, ასევე იმ კომპანიებზე, რომლებზეც საერთაშორისო სანქციებია დაწესებული, ბუნებრივია, ეს არის ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილება და ამ პასუხისმგებლობის გადატანა მარტო რუსეთზე არ გამოვა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ქართული ოცნება“ კვლავ მოქალაქეების ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს მოსკოვში, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ შესაძლო საფრთხედ არ მიიჩნევს.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, მას მმართველი პარტია სხვა საკითხების მსგავსად, პროვოკაციულს უწოდებს.
„არის ცარიელი სპეკულაციები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფრენების აღდგენაზე როდესაც არის საუბარი, კარგი იქნება კონკრეტულმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუ მითუმეტეს ისინი ფრენების აღდგენაში, ვიზების გამარტივებაში ვაჭრობის შენარჩუნებაში ხედავენ პრობლემებს, ასეთ დროს უნდა გახსნან მეტი შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაინიშნოს პირდაპირი ფრენები. სხვა ქვეყნებზე მაქვს საუბარი, მიხვდით ალბათ. ეს კითხვები უნდა დაისვას და ალბათ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. 30 წელია უკვე გასული. რატომ არ ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებულები არიან პარტნიორებად, რატომ არ ხდება მათთან თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენების შემოღება და რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი?! ეს კითხვები აწუხებს ქართულ საზოგადოებას და ამაზე აქტიური მსჯელობა ალბათ საჭიროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამოიყენებს თუ არა კიდევ ერთ ნაბიჯს სანქციების ამოქმედებისკენ და ვის მიმართ, ფიქრობენ შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებაში, სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებში მოქცევა, არც ქვეყანას და არც მის ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.
“თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს შემაშფოთებელი იქნება არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე, იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც შესაძლოა საქართველოს აეროპორტიდან მუშაობენენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი იმ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური სამყარო დაშორდა რუსეთს და გვჯერა, რომ ახლა მასთან ურთიერთობების გაუმჯობესების დრო არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ და ნათლად ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ისევეროგორც ბევრ დასავლურ ქვეყნას, მიღებულიგვაქვს ზომები ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შემოსვლის აკრძალვისთვასთან დაკავშირებით.ასე რომ,ამ სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელიმ.
რუსეთთან კარგი დამოკიდებულების მოტივით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი სულ ახლახანს გააუქმა. მასთან ერთად დაუშვა ორმხრივი ფრენების აღდგენას, რომელიც ძალაში 15 მაისიდან შევიდა.
პირველი რეისების დაგეგმილი განრიგი ასეთია – 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ ხომალდი გამოფრინდება. 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვში ქართული ავიაკომპანიის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდება. ბილეთის ფასითაც და შესაძლოა პოლიტიკურადაც ძვირადღირებული ფრენის მიმართ საქართველოში საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი.
ალეკო გვეტაძე