დაპირისპირებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.
კენჭისყრა ფარული იყო. კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა – მიზეზი არჩეულ კანდიდატებზე მათი კოლეგების მხარდაჭერა იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 ხმა სჭირდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანდიდატების ასარჩევად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი უნდა შემდგარიყო, ვინაიდან პარლამენტში მმართველ პარტიასა და უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალას“ ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ მმართველი პარტიისა და ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გადაწყვეტილებას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როცა საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-პუქტიანი გეგმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან 9 მოსამართლე, ხოლო 6 არამოსამართლე წევრია.
მოსამართლეებს თავისივე კოლეგები ირჩევენ. 6 არამოსამართლე წევრიდან კი ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს კი პარლამენტი ირჩევს.
ვაკანტური ადგილი ხუთი იყო. საბჭო დღემდე არასრული შემადგენლობით მუშაობდა, რადგან საჭირო ხმების არარსებობის გამო პარლამენტი 5 არამოსამართლე წევრის არჩევას ვერ ახერხებდა.
ანა ალელიშვილი