მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარი 365: არაბული ტრადიციული ქსოვისა და ბაზიერობის ხელოვნება

კატარი 365: არაბული ტრადიციული ქსოვისა და ბაზიერობის ხელოვნება

კატარი ინარჩუნებს ისეთ უძველეს ტრადიციებს, როგორიცა ქსოვა, ხმლის ჭედვა და ბაზიერობა. „ევრონიუსის“ გადაცემა „კატარი 365“ დაქინტერესდა, თუ რას ნიშნავს კულტურული მემეკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება კატარისთვის, რომელიც ცდილობს ძველი ტრადიციები თანამედროვეობას მოარგოს.

საუკუნეების განმავლობაში ბედუინთა ტომები ამ ქსოვის ტექნიკის წყალობით თბებოდნენ. თითოეული ნაჭერი იქსოვება მეთოდით, რომელსაც „ალ-სადუ“ (Al Sadu) ეწოდება – რაც ჰორიზონტალურად ქსოვას ნიშნავს. სადუს ქსოვა თითოეული ბედუინი ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო მრავალ თაობაში. თუმცა დღეს ეს ხელობა დავიწყების საფრთხის წინაშე დგას. უძველესი სადუს ოსტატობა იმდენად უნიკალურია, რომ იგი 2020 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს, როგორც ხელოვნება, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დაცვა. ამიტომ სადუს ოსტატების მხრადაჭერა უფრო გაძლიერდა, რათა ეს ხელობა სამუდამოდ არ გაქრეს.

მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თაობათა გამოცდილება  ახლა მაითა საედ აბუსალაას ხელშია.  იგი არაბეთის ნახევარკუნძულზე იმ იშვიათი ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სადუს ქსოვენ. კატარში ამ ხელობას მხოლოდ 40-ამდე ქალი ფლობს. მაითა 30 წელზე მეტია სადუს ქსოვს და ეს ოსტატობა ისევე ისწავლა, როგორც მისმა წინაპრებმა.

„ქსოვა თავისთავად დავიწყე,“ – ამბობს მაითა.  ვუყურებდი, როგორ ქსოვდა დედაჩემი და ბებო, ასევე სხვა ქალები სამეზობლოში. ეს  მათგან მივიღე მემკვიდრეობით.“

სადუს ქსოვა, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს. მაგრამ სინამდვილეში ის დიდ შრომასა და რუდუნებას მოითხოვს, უნდა შეირჩეს ძაფი, შემდეგ გეომეტრიული ორნამენტები და ფერი. თითოეული ნაჭრის ქსოვას 50 დღე სჭირდება, შეიძლება ერთი წელიც –  ეს დამოკიდებულია  ნაქსოვის ზომასა და დიზაინის სირთულეზე. საუკუნეების განმავლობაში სადუს ქსოვილი ათბობდა ბედუინებს უდაბნოს ცივ ღამეებში. მაგრამ ეს ხელობა, რომლის სწავლაც მხოლოდ უშუალო დაკვირვებითაა შესაძლებელი, შესაძლოა დავიწყებას მიეცეს.

დედამიწის ქარავნის ფონდმა შემოქმედებითი წარმომადგენლობითი პროგრამა წამოიწყო კატარის ეკოლოგიურ პროექტ Heenat Salma Farm-თან ერთად. ერთობლივი ძალისხმევის წყალობით სადუს კიდევ უფრო მეტი  ოსტატის პოვნა გახდა შესაძლებელი.

„ოსტატებმა სახლში მიგვიპიტიჟეს. მათ შვილებთან და ოჯახებთან ერთად დავსხედით და ქალებმა, მართლაც, გვაზიარეს საკუთარი ცხოვრების წესსა და იმ სიბრძნეს, რომელიც მათ თაობიდან თაობას გადაეცემოდა,“ – განმარტავს ფარაჰ ალ-იასინი, Caravane Earth Foundation-ის  შემოქმედებითი რეზიდენციის ხელმძღვანელი.

Caravane Earth Foundation-მა სადუს საამქროები დააარსა, რათა საზოგადოებისთვის ამ ხელობის სწავლის შესაძლებლობა მიეცა. ფონდი სპეციალური პროგრამების ფარგლებში თავად სადუს ოსტატებსაც ეხმარება, რომ მათ არ მიატოვონ სადუს ქსოვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ ორგანიზაციის წევრები ვართ, რომელიც ოსტატ ქალებს ეხმარება. ის ჩვენი შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას გვაძლევს. თუ ეს მხარდაჭერა არ იქნება, სადუ გაქრება,“ – ამბოსბ მაითა.

Caravane Earth Foundation-ში სურთ, რომ სადუ თანამედროვეობას მოარგონ, ამიტომ ფიქრობენ, თუ რა გზით გამოაცოცხლონ ძველი ხელობა ახალი იდეებით და როგორ წაახალისონ ქსოვის ოსტატები, რომ ქსოვის ძველ ტექნოლოგიაში ახალი ელემენტები შეიტანონ.

„სადუ მშვენიერი ქსოვილია, რომელიც შესაძლებელია ისე გადახალისდეს, რომ თანამედროვე ყოფაშიც გამოიყენონ,“ – გვიხსნის  ფარაჰ ალ-იასინი. „სწორედ ამიტომ გვყავს ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც პროდუქტის განვითარებაზე მუშაობს. ისინი ეძებენ ახალ ძაფებს, რომლებიც შეგვიძლია ქსოვის ოსტატებს შევთავაზოთ და რომლებიც განსხვავებული ორნამენტების გაკეთების საშუალებას იძლევა ისე, რომ ოსტატებმა არ გადაუხვიონ ქსოვის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც სიმბოლოს კონცეფციას ქმნიან.“

ძველისა და ახლის შერწყმის საშუალებით „დედამიწის ქარავნის ფონდი“ (Caravane Earth Foundation) იმედოვნებს, რომ სადუს ოსტატობა დროის გამოცდას კიდევ ერთხელ გაუძლებს.

ხმლის ჭედვის კულტურა კატარში

ისლამური ცივილიზაციის ზენიტში არაბული ხმლები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღად ითვლებოდა ბრძოლის ველზე. ამ ხმლების მრავალგვარი ფორმა არსებობდა, ზოგიერთი ორლესულიც იყო. ხმლების ოსტატობა არაბთა ისტორიისა და ტრადიციის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ კატარის ერთ-ერთი თანამედროვე სასტუმროს არქიტექტურა იატაგანის ფორმას იმეორებს. დღეს ხელნაკეთი ხმალი ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად ითვლება, ამბობს მოჰამედ მურადი, ხმლის ერთ-ერთი წამყვანი მაღაზიის Ghaith Essence of Swords-ის  გაყიდვების მენეჯერი.

„ხმალი არაბული მემკვიდრეობის განუყრელი ნაწილია, განსაკუთრებით კატარის, რადგან ხმალს აღიქვამენ, როგორც პატივისა და ღირსების სიმბოლოს. ძველად ხმლებს ბრძოლისთვის იყენებდნენ. თუმცა ახლა კატარის სახელმწიფოში ხმალს ტრადიციული ცეკვის „არდას“ შესრულების დროს იყენებენ, ის ასევე ითვლება დიპლომატიურ საჩუქრად და  ჩუქნიან მაგალითად, მინისტრებსა და საელჩოებს დეკორაციისთვის.  ითვლება, რომ ხმალი საუკეთესო და ლამაზი საჩუქარია,“ – ამბობს მოჰამედი. „ხელით გამოჭედილი ხმალი უფრო უკეთესი და ლამაზია, რადგან ის  მემკვიდრეობით გადავა და დარჩება, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გიგანტური დანადგარების საშუალებით ათასი ხმლის დამზადება შეიძლება, მაგრამ არ იქნება იმ ხარისხის და ისეთი ლამაზი, როგორიც ხელით ნაჭედი ხმალი. ხელნაკეთი ნივთის გამეორება შეუძლებელია. ამიტომ ის იშვიათია და მას მფლობელი უნდა მოუფრთხილდეს. მოდი,  ვნახოთ ვერცხლითა და ოქროთი მოჭედილი ხმლები და რა სხვაობაა მათ შორის. ესენია ვერცხლით, ოქროთი და  სპილენძით მოვარაყებული ხმლები. თითოეულ მათგანს განსხვავებული დიზაინის საკუთარი წარწერა  აქვს და განსხვავებული სიმრუდე. მაგალითად, დავიწყოთ კატარში ყველაზე ცნობილი ხმლით, რომელსაც „დამფუძნებლის მახვილი“ ეწოდება. ეს ხმალი ეკუთვნოდა მის უმაღლესობა შეიხ აბდულაჰ ბინ ჯასიმს, რომელიც ცნობილია, როგორც თანამედროვე კატარის დამფუძნებელი.  ეს ხმალი დამფუძნებლის ვაჟის შეიხ აბდულაჰ ბინ ჯასიმის ხმლის ასლია –  მოვერცხლილი ოქრო ზურმუხტითა და ლალით არის დამშვენებული. ჩვენ ვამზადებთ ხმლის მოოქროვილ  ვადებს, თუ გვთხოვენ, სპილოს ძვლისგანაც შეგვიძლია დავამზადოთ.“

ბაზიერობის ოსტატობა

წლის დასაწყისში კატარში ჩატარდა  შევარდნებისა და ნადირობის მე-14  ფესტივალი, რომელსაც ადგილობრივები „მარმის“ უწოდებენ. ამ ფესტივალზე რეგიონის მასშტაბით მოდიან ბაზიერები და მოჰყავთ საკუთარი შევარდნები, რომლებიც ნადირობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

კატარის უდაბნოს სიღრმეში  მთელი რეგიონიდან ჩამოსული ასობით ბაზიერი იკრიბება, ხელში ორდენოსანი ფრინველები უპყრიათ. ისინი წლევანდელ მარმის ფესტივალში მონაწილეობენ, ეს არის შეჯიბრება, რომელსაც კატარის უძველეს კულტურაში უდგას ფესვი.

„2011 წლის შემდეგ ვიღებთ მონაწილეობას მარმის ფესტივალში. თავიდან ინდივიდუალურად დავიწყეთ მონაწილეობა. თითოეული ჩვენგანი ამზადებდა შევარდენს მარმის მოსაგებად. თავიდან მარმის დროს  ვნადირობდით. რამდენიმე წლის წინ შეჯიბრება გუნდური გახდა, ქმნი გუნდს და ისე მონაწილეობ მარმიზე. ყველა, ვისაც აქ ხედავ, „ოქროს გუნდის“ წევრია. ეს სახელი იმიტომ დავარქვით გუნდს, რომ ყოველ წელს რაღაც ახალს ვიგებთ,“ – ამბობს ჰამად საიდ ალ-მარი, ბაზიერი.

ამ ფესტივალის მიზანია, იუნესკოს მიერ აღიარებული ბაზიერობის ისტორიული სპორტის სახეობის განვითარება. სპორტის ეს  სახეობა, რომელსაც ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უწოდებენ, 4 ათას წელს ითვლის.

ეს უძველესი ტრადიცია ყოველწლიურ ფესტივლად იქცა. ჰამად საიდ ალ-მარის 14 წლის განმავლობაში  მარმის არცერთი ფესტივალი არ გამოუტოვებია. და მისი შევარდნები რომ არ გადაგვარდნენ, იგი საკუთარ ვაჟებს ასწავლის ტრადიციულ ბაზიერობას, რომელიც მის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

„მათ საყვარელ ჰობს ვასწავლი. ვასწავლი, როგორ უნდა ატარო შევარდენი, როგორ გაუშვან, როგორ გაწვრთნან. ისინი ბავშვობიდან უყურებდნენ ჩვენს ბაზიერობას, ამიტომ აითვისეს, რასაც ვაკეთებდით.

ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჰობია, ამას ვერ დააძალებ შვილს, რომ მოსწონდეს, ეს ბუნებრივად ხდება. ახლა ამათ თუ ჰკითხავ, უდაბნოში დარჩენა ურჩევნიათ ქალაქში დაბრუნებას. ურჩევნიათ, თავის შევარდნებს სდიონ,“ – განმარტავს ჰამადი.

მართალია, ამ ალ-მარის სანათესაოში მოზარდებს ისეთივე თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები აქვთ, როგორებიც მათ თანატოლებს, მაგრამ  ალ-მარი  ურჩევს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ინტერნეტის გარეშე. და როგორც ჩანს, ეს გამოუვიდა კიდეც. მისი 15 წლის დისშვილი საიდი უკვე ათი წელია ბაზიერობას სწავლობს.

„5 წლიდან ვარ გატაცებული შევარდნებით.  მამაჩემი და ბიძაჩემი მასწავლიდნენ მათ მოვლას. ვისწავლე, როგორ გავზარდო შევარდენი და როგორ გავწვრთნა ისე, რომ მტრედები მომიტანონ. მადლობელი ვარ ამის გამო,“ – ამბობს ჰამადის დისშვილი ბაზიერი საიდ ალი.

ფესტივალ Marmi 2023-ის მთავარი ორგანიზატორი მოჰამედ ალ-კუბაისი ამბობს, რომ ამ ფესტივალის მონაწილე  შევარდნები მეზობელი ქვეყნებიდან არიან ჩამოყვანილი  – ირანიდან, რადგან ირანი ძალიან ახლოსაა კატართან. ასევე  მონღოლეთიდან, პაკისტანიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და ა.შ.

მოჰამედი  თვე-ნახევარს ატარებს მარმის ფესტივალზე, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ღონისძიება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სპორტის ამ სახეობის სიყვარული მოჰამედმაც თავისი წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობით.

„ეს სპორტი მამაჩემისა და ბაბუასგან ვისწავლე. ადრე მამა და ბაბუა შევარდენსა და სალუკს [მონადირე ჯიშის ძაღლი]  იმისთვის იყენებდნენ, რომ მათ საჭმელი მოეტანათ. მოეტანათ ფრინველი, კურდღელი, გაზელი და აი, აქედან, წარსულიდან, წამოსული სპორტის ეს სახეობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს,“ – ამბობს მოჰამედი.

თუკი ალ-მარის ოჯახი რამეს ნიშნავს, სპორტის ეს სახეობა კატარში კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

ავტორი: ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend