ისრაელსა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, ჯერ ისევ ძალაშია. თუმცა პალესტინელთა პოზიციებსა და სამიზნეებზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან დიდია. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამშაბათს ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ისლამური დაჯგუფება „ჯიჰადის“ 3 მეთაური დახოცეს.
ღაზის სექტორში კი ადგილობრივები ნანგრევებიდან ნივთების გამოტანას ცდილობენ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ სამსახური, სახლი, თავშესაფარი, სტაბილური ცხოვრება და უსაფრთხოება. ისინი უბრალო, გაჭირვებული ადამიანები არიან. მათ არ ესმით, რატომ უნდა გაანადგურონ მთელი უბანი, თუ მხოლოდ ერთი სახლის მიზანში ამოღება სურთ.
ამავდროულად, ისრაელმა ღაზის სექტორში გახსნა ორი გადასასვლელი წერტილი, რომელთა დაკეტვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ პალესტინელებზე, რომლებსაც მუშაობის ნებართვა აქვთ ან ძირითადი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რომელიც არაა ხელმისაწვდომი ღაზის სექტორში. ამ ნაბიჯით ასევე გზა გაეხსნა საწვავით დატვირთულ მანქანებს, რომლებსაც უკვე შეუძლიათ ღაზის ელექტროსადგურის მომარაგება.
ამავდროულად, ისრაელის სამხრეთის მცხოვრებლები სანაპიროებს უბრუნდებიან. გასულ კვირას ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების გამო მოსახლეობა თავშესაფრებში გადავიდა. რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ჯერჯერობით ორივე მხარე ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა პროვოცირების შემთხვევაში მხარეები მზად არიან, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ.