შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე ათასობით მიგრანტი შეიკრიბა. როგორც ცნობილია, უქმდება დონალდ ტრამპის მიერ პანდემიის დროს მიღებული წესი, რომელიც მიგრანტების დაუყოვნებლივ დეპორტაციის შესაძლებლობას იძლეოდა.
საზღვრისპირა ქალაქებში გაძლიერდა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელთა პატრულირება. ამავდროულად, ამერიკული მხარე მიგრანტებს მოუწოდებს, საზღვარი უკანონოდ არ გადაკვეთონ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის ალეხანდრო მაიორკასის განცხადებით, აშშ-ის საზღვრები დაკეტილია. ადამიანები კი, რომლებიც უკანონოდ ეცდებიან დარჩენას, დაუყოვნებლივ დაექვემდებარებიან დეპორტაციას.
ამიერიდან ქვეყანაში მოქმედებს საემიგრაციო კანონის მერვე მუხლი. ეს არის წესი, რომელიც ისტორიულად არეგულირებს მიგრაციას შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ახალი ზომები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს უზღუდავს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას.
რესპუბლიკელები კი უფრო მკაცრი ზომებისკენ ისწრაფვიან. მათ ხუთშაბათს მიიღეს კანონპროექტი, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე უფრო მეტი კედლის აშენებასა და თავშესაფრის მაძიებელთათვის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.