„ევრონიუს ჯორჯია“ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს ესაუბრა.
ელჩი მეიცადი დიპლომატიურ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობს და საქართველოში ელჩად წარგზავნამდე მუშაობდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შტაბის უფროსად, ასევე ელჩი მეიცადი სხვადასხვა წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელის დიპლომატიურ მისიასა და იაპონიაში ისრაელის საელჩოში მუშაობდა.
ჟურნალისტი : დიდი მადლობა დროს რომ გვითმობთ
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : მოხარული ვარ რომ გესტუმრეთ
ჟურნალისტი : დიდი ხანი არ არის რაც საქართველოში ისრაელის ელჩი ბრძანდებით, რას ნიშნავს ეს დიპლომატიური მისია თქვენთვის და რა მიზნები გაქვთ?
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : უკვე 7 თვეა რაც საქართველოში ვარ მაგრამ სანამ ერთი წელი არ შესრულდება თავს მაინც ახალ ელჩად მივიჩნევ. დიდი პატივია საქართველოს მსგავს სახელმწიფოში ისრაელის ელჩის მოვალეობის შესრულება. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და კავშირები, ამარტივებს ჩემს წინაშე არსებული მიზნების შესრულებას, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთგაგება ნათელია და მე ამას ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ვხედავ. რაც შეეხება ჩემს ხედვას, დაახლოებით მსგავსი ხედვა მაქვს რაც ნებისმიერ სხვა ელჩს, მსურს რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანო და ეს რთულია, ვინაიდან საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები უკვე საკმარისად მდგრადი და ძლიერია. ბევრ სხვადასხვა სფეროში ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ციფრულ სფეროს, დაინტერესებულნი ვართ ინოვაციებით, სიახლეებით, სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით. უკვე არსებული კავშირებსა და თანამშრომლობასთან ერთად, ხალხებს შორის ურთიერთობაც განსაკუთრებულია. ეს გახლავთ ის საკითხები და თემები რომლებიც ჩემი ყურადღების სფეროში იქნება.
ჟურნალისტი : ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა და კავშირი ათასწლეულებს ითვლის, საუბარია დაახლოებით 2600 წლის განმავლობაში არსებულ ურთიერთობაზე, როგორ გავლენას ახდენს თანამედროვე ეპოქა ამ ურთიერთობაზე?
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : ის, რომ თანამედროვე ეპოქაში ათასწლეულების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობებით შევაბიჯეთ მრავლისმთქმელია… საერთო ჯამში საუბარია ურთიერთგაგების იმ მაღალ ხარისხსზე, რომელიც ებრაელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს. ეს ვითარება გვეხმარება დღევანდელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ჩვენი თანამშრომლობა უპირველესად ეკონომიკურ კავშირებს გულისხმობს. იმას, თუ რა შეუძლია ისრაელს გააკეთოს საქართველოში და რა ინტერესები აქვს საქართველოს ისრაელთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება ცოდნის გაზიარებას ბევრ სხვადასხა სფეროში და ყოველდღიურ საქმიანობასა და კავშირს რომელიც აერთიანებს საქართველოსა და ისრაელს. მაგალითად საერთო ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფორმატში, ამ ფორმატში თანამშრომლობას ისრაელისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანი გეგმების შემუშავებას.
ჟურნალისტი : ისრაელის შესახებ რომ ვისაუბროთ, და ამ მომენტში რეგიონში ყოველდღიური ცხოვრებისა და არსებული დაძაბული მდგომარეობის შესახებ…
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. სამწუხაროდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა იყო გაშვებული, ცენტრალური და სამხრეთი ისრაელის მთავარი ქალაქების დაბომბვა მიმდინარეობს, თელ – ავივი, ხოლონი და სხვა ქალაქები იბომბება. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ისრაელში მიმდინარე მოვლენების კონტექსტი ავხსნა, ჩვენ დავტოვეთ ღაზის სექტორი, ისრაელმა დატოვა ღაზის სექტორი, ეს 2005 წელს მოხდა, უკვე 18 წელი გავიდა, რაც ისრაელი ღაზის სექტორიდან გამოსულია. სამწუხაროდ ღაზის სექტორში ერთადერთი რაც განვითარდა ამ ხნის მანძილზე – ტერორიზმია, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, პალესტინური ჯიჰადი. რამდენიმე კვირაა რაც სამხრეთ ისრაელში მოსახლეობა განუწყვეტლივ შიშში ცხოვრობს, მათი მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, გასულ კვირას როდესაც მინისტრი დარჩიაშვილი ისრაელში იმყოფებოდა, სამხრეთ ისრაელში ქალაქებსა და სოფლებს, ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასზე მეტი რაკეტა ესროლეს. ეს თავდასხმები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან ზუსტი სამხედრო ოპერაციის დაწყება, სახელწოდებით „ისარი და ფარი“. ეს სამხედრო ოპერაცია 9 მაისის დილას დაიწყო, მიზანი კი მშვიდობის აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების დაცვა და ტერორისტული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. ჩვენ შესაბამისი ზომები მივიღეთ და 4 ტერორისტი გავანადგურეთ, ტერორისტები რომლებიც პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებელნი ისრაელის ქალაქებზე ტერორისტულ თავდასხმებზე, საპასუხოდ ჩვენი ქალაქების მისამართით გაშვებული რაკეტების რაოდენობამ იმატა, ასევე იმატა გამოყენებული რაკეტების რადიუსმა, ჩვენ მოწმენი გავხდით საშინელი სურათისა, ღაზის სექტორიდან მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები მხოლოდ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ კი არ იყენებენ შეიარაღებას, რაც სამხედრო დანაშაულია, ისინი საკუთარ მოქალაქეებსაც იყენებენ ცოცხალ ფარად. ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალა არსებობს. ეს უბრალოდ ნარატივის ნაწილი არ გახლავთ, ეს ვიდეომასალა სოციალურ მედიაშიც შეგიძლიათ იხილოთ, ჩემს პირად გვერდზეც… ამ მასალაში ჩანან არასრულწლოვნები სარაკეტო შეიარაღების სიახლოვეს ღაზის სექტორში. ის, რომ ისინი არასრულწლოვნების უკან იმალებიან ჩვენი ბავშვების მოკვლის მიზნით, ორმაგი სამხედრო დანაშაულია, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს უნდა დაგმოს.
შემიძლია პირადი გამოცდილებიდან გითხრათ… მართალია, მე ამჟამად საქართველოში ვიმყოფები, მაგრამ ჩემი ოჯახი ისრაელშია, ამ სარაკეტო დარტყმების პირისპირ, მე მაქვს გამოცდილი ეს შიში, მე ვიცი რას ნიშნავს შუა ღამით, მოულოდნელად სარაკეტო თავდასხმისგან თავდაცვის მიზნით სახლიდან ქუჩაში პატარა შვილთან ერთად გაქცევა, ისმის განგაშის ზარი, 15 ან 40 წამი გაქვს რომ თავი რამეს შეაფარო, გადარჩე, ზოგიერთს საცხოვრებელ სახლში აქვს უსაფრთხო სივრცე, ზოგი მეზობელთან აფარებს თავს, სამწუხაროდ ეს ისრაელის ზოგი მოქალაქისთვის, ღაზის სექტორის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია, ეს ისრაელის მილიონობით მოქალაქისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
ჟურნალისტი : იმედია რომ მშვიდობა მალე დამყარდება
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : დიახ იმედია რომ მალე მშვიდობა გვექნება.
ჟურნალისტი : ქალბატონო ელჩო, თქვენ ახსენეთ ისრაელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ. ქართველი მინისტრი შეხვდა ქნესეთის სპიკერს, ისრაელის პრეზიდენტს, მას ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა მაგრამ მსურს კონკრეტულად ტურიზმის მინისტრთან შეხვედრის შესახებ გკითხოთ, საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან, იგეგმება თუ არა სიახლეები ამ მიმართულებით?
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : დიახ, ……. ბოდიშს გიხდით ხმაურისთვის, ეს არის აპლიკაცია რომელიც ყველას აქვს მობილურ ტელეფონში ჩამოწერილი, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, აპლიკაციის მეშვეობით განგაშის ზარი ირთვება, აპლიკაცია გვაჩვენებს თუ სად არის საშიშროება, მე რომ ახლა ისრაელში ვყოფილიყავი, თავშეფსაფრის ძებნა უნდა დამეწყო. ისრაელის ყველა მოქალაქეს აქვს ეს აპლიკაცია მობილურ ტელეფონში…
დიახ, მინისტრ დარჩიაშვილის ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანი იყო, ეს 10 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი გახლდათ ისრაელში, ხაზგასასმელია რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა სამ დღეს გასტანა, ის შეხვდა ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, ქნესეთის სპიკერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებს და ა.შ თქვენ ახსენეთ ტურიზმი…
(ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, ტელეფონს გავთიშავ ახლა, ეს ნიშნავს რომ სარაკეტო დარტყმის ახალი ტალღაა…)
ტურიზმი მნიშვნელოვანი საკითხია, ვიცი რომ ტურისტთა რაოდენობა მზარდია, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაცია ამაზე მეტყველებს, თუ არ მეშლება 2023 წელის პირველ კვარტალში 70 პროცენტიანი ზრდა არის ისრაელიდან ჩამოსული ტურუსტების რაოდენობის თვალსაზრისით, ბევრი ტურისტი ისრაელიდან რამდენჯერმე ჩამოდის საქართველოში, მიმაჩნია რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდება ვინაიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალი მზარდია, ადრე თუ თბილისი და ბათუმი იყო ყურადღების ცენტრში ახლა პოპულარობით სხვა ქართული ქალაქებიც სარგებლობენ, მაგალითად ბოლო რამდენიმე წელიწადში გუდაური ძალიან მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის. საქართველოს განვითარება და ქართული ტურისტული პოტენციალის ექსპორტი მნიშვნელოვანია და მომავალში ისრაელიდან უფრო მეტ ტურისტს ვიხილავთ. საქართველოს მიმართულებით ისრაელიდან დღეში სამი ავიარეისი მაინც სრულდება, იქნება ის თბილისის თუ ბათუმის მიმართულებით, ველი ტურისტების რაოდენობის ზრდას. ისრაელში ვიზიტს რომ დავუბრუნდე თქვენი ნებართვით მსურს დავამატო რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და მოსალოდნელია რომ ეს ფორმატი 2024 წელს ამოქმედდება, ეს შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა და ისრაელის ეკონომიკის საქმეთა მინისტრებს შორის შედგა. ეჭვი არ არის, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირზე. ტურიზმთან დაკავშირებით საუბრისას მსურს გაგაცნოთ მონაცემები რომლებიც საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზეა დაფუძნებული. 2020 წელს საქართველომ, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებისგან, 270 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო. შთამბეჭდავი მონაცემებია სახეზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად ზრდა არის სასურველი.
ჟურნალისტი : ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე სხვადასხვა სფერო და ნათელია რომ ისრაელსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. შესაჯამებლად რომ გვითხრათ თუ რომელ სფეროებში ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველაზე დინამიკურად.
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : პირველ ყოვლისა, ჩემს მიერ ნახსენები ტურიზმისა და ზოგადად ეკონომიკური მიმართულებაა უმნიშვნელოვანესი. სწორედ ისრაელის ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობით ქართველ კოლეგასთან ერთად განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ეკონომიკურიც, მიწათმოქმედება, აგროტექნოლოგიები, ციფრული სფერო, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, პოლიტიკური თანამშრომლობა, საერთაშორისო არენაზე, მაგალითად გაეროს ფარგლებში თანამშრომლობა. იყო საუბარი არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებითაც, რომელთა წინაშეც ორივე სახელმწიფო დგას. უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე ასევე ისრაელზე, ახლო აღმოსავლეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო წარმოქმნილი გამოწვევები. ამ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი მიმდინარეობს. ჩვენს შორის გამართული შეხვედრები ყოველთვის თბილ ატმოსფეროში იმართება, მოიცავს გულახდილ და მეგობრულ კომუნიკაციას და ეს სწორედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის 30 წლის განმავლობაში არსებული კარგი ურთიერთობების დამსახურებაა. ეს ორმხრივი კეთილგანწყობა ნათელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროსაც. ისრაელსა და საქართველოს შორის კონკრეტული შეთანხმებებია ხელმოწერილი, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და ყველა მოცემულობა არსებობს იმისა რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ორივე მხარემ დაიცვას საერთო ინტერესები საერთაშორისო მასშტაბით.
ჟურნალისტი : მსურს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებაც გკითხოთ, ამ რეგიონში მოქმედი ელჩის გადმოსახედიდან რა გამოწვევების მატარებელია უკრაინაში მიმდინარე ომი სამხრეთ კავკასიისთვის?
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : ომის შედეგად რეგიონისთვის შექმნილი გამოწვევები ნათელია, ისრაელისთვის ეს ნაცნობი მდგომარეობაა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ხშირი მოვლენაა, ომს ბევრი გამოწვევა მოაქვს: უსაფრთხოების ნაკლებობა, სიცოცხლის დაკარგვასთან დაკავშირებული ტრაგედიის ფონზე ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ, ადამიანებს მშობლიური კარ – მიდამოს მიტოვება უწევთ, ომი ყველაფერს აჩერებს, ომი რესურსებს მოითხოვს, ეს რესურსები კი განვითარებას შეიძლება მოხმარებოდა, სტაბილურობას, კეთილდღეობას, ახლა კი ეს რესურსები ომზე იხარჯება. ნათელია რომ საქართველო სტაბილური სახელმწიფოა, თავისთავად საქართველოს წინაშე არის გამოწვევები, მაგრამ ამავე დროს საქართველო სტაბილურობის კუნძულია რეგიონში, უკრაინაში დაწყებულმა ომმა ეს უფრო თვალსაჩინო გახადა, ომი განვითარებას უშლის ხელს, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმებამ, ეგვიპტესთან, იორდანიასთან ურთიერთობების ნორმალიზაციამ, სამი წლის წინ ბაჰრეინთან, მაროკოსთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროსთან გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა, ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას მისცა ბიძგი, ჩვენ რეგიონის განვითარებაზე ერთად ვზრუნავთ, ეს კი მხოლოდ მშვიდობის გზით არის შესაძლებელი. სამწუხაროდ როდესაც ომია, ომი ამ ყველაფერს ხაზს უსვამს.
ჟურნალისტი : ჩემი ბოლო შეკითხვა კი საქართველოს ეხება, რა გამოცდილება შეიძინეთ აქ ყოფნისას?
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : საქართველოში ჩემი ცხოვრების გამოცდილება დადებითია, საინტერესო, საინტერესოა საქართველოში ელჩად მუშაობაც, მუდამ მოვლენებით აღსავსე გარემოა და ახალი შესაძლებლობები რომ ჩემს გუნდთან ერთად ქართულ მხარესთან თანამშრომლობა განვითარდეს, ქართული კულტურა და მისი დინამიკა შესანიშნავია, ვგულისხმობ არამარტო დედაქალაქ თბილისში, არამედ საქართველოში ზოგადად, ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის მიწათმოქმედების მიმართულებით თანამშრომლობისთვის, ისრაელი 30 წლის განმავლობაში უზიარებს საქართველოს ამ თვალსაზრისით წარმოების ზრდის გამოცდილებას, გამოცდილების გაზიარება ბევრ სხვა სფეროშიც ხდება, ამ პროცესის თანმდევი ნაწილია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, „ჯიტასთან“ (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) , კერძო სექტორთან თანამშრომლობა. ელჩისთვის, რომელიც ისეთ სახელმწიფოშია წარგზავნილი რომელიც არ არის სტატიკური, არამედ დინამიკურია, ვითარდება და იცვლება, ეს გამოწვევებით სავსე და ამავე დროს საინტერესოა.
ჟურნალისტი : დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, იმედია ისრაელში მშვიდობა მალე დაისადგურებს.
ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის ელჩი : დიდი მადლობა.