ევროპაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია ისეთ ეკომეგობრულ ინდუსტრიებში, როგორებიცაა ბატარეების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის წარმოება. ამიტომ ევროპა მილიონებს დებს სპეციალიზებულ აკადემიურ სექტორში, რომ შესაბამისი კადრები მოამაზადონ.
საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ფუნქციონირებს ევროპაში ერთ-ერთი პირველი ბატარეების ტექნოლოგიის აკადემია, რომელიც თანამშრომლობს კერძო კომპანიებთან – მათ შორისაა ბატარეების მწარმოებელი კომპანია Verkor-ი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი ინსტიტუტი და ლაბორატორია.
ევროკომისიის გათვლებით, მხოლოდ ბატარეების ინდუსტრიას 2025 წლამდე 800 ათასი მუშახელის გადამზადება სჭირდება.
„ბატარეების წარმოება სიახლეა არა მხოლოდ გრენობლში, არამედ მთელ საფრანგეთში,“ -ამბობს საფილა მორალესი, სტუდენტი. „მე ახალგაზრდა ვარ და ვიფიქრე, რატომაც არ უნდა მოვკიდო ხელი რაღაც ახალს, რაც მხოლოდ სიკეთეს მოიტანს მომავალში.“
„საფრანგეთში ეს ახალი თავგადასავალია,“ – განმარტავს კიდევ ერტ სტუდენტი შაფაქ დურმაზი. „ჩემი აზრით, ელექტროდენი, განსაკუთრებით ელექტრობატარეები ყველა ჩვენგანის მომავალია.“
ბატარეების მწარმოებელი სამი გიგანტური ქარხანა ააშენეს საფრანგეთის ჩრდილოეთით, მათ შორის არის Verkor-ის ახალი ქარხანა დიუნკერკში, რომელიც ბატარეებს Renault-ისა და Alpina-ას ავტომობილებისთვის აწარმოებს.
„დღესდღეობით ბატარეების წარმოების ტექნოლოგიას ფლობენ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ – ამბობს ემილი რონდე, ECOLE DE LA BATTERIE-ის პროექტის მენეჯერი. „ჩვენ გვაკლია ეს ცოდნა, რადგან გარდამავალი პერიოდი ახლა იწყება. ამიტომ აქ ევროპული, მათ შორის ფრანგული კომპანიები რომ დავაფუძნოთ, საჭიროა, კადრები გადავამზადოთ და შესაბამისი კვალიფიკაცია მივანიჭოთ.“
ევროკომისიამ 10 მილიონი ევროს გრანტით 2021 წელს დააარსა ევროპული ბატარეების ალიანსის აკადემია, რომელიც მთელ ევროპაში გაიშალა.
„ბატარეების სკოლა არის ქსელური სასწავლებელი, რომელიც იღებს როგორც სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს, ისე დამწყებ სტუდენტებსა და დასაქმებულებს, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ. მაგალითად, იმათ, ვინც ჩვეულებრივ ძრავიან ავტომობილზე მუშაობს და ელექტრომობილზე სურს გადასვლა,“ – განმარტავს ემილი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2023 წელი ევროპის კვალიფიკაციის წლად გამოაცხადა. ევროკომისია გეგმავს, დააარსოს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ინდუსტრიასთან დაკავშირებული აკადემიები და ამ თვალსაზრისით პირველ ეტპაზე 5 მილიონ 500 ათას ევროს ჩადებს.
კომპანიებში ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება ესაჭიროებათ – იქნება ეს, მაგალითად, გამათბობელი ტუმბოსა თუ მზის პანელების დამონტაჟება. თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მდგრადი წარმოების ცოდნაც აუცილებელია. ლიონში კომპანია ITEN-ი დასამუხტ მიკრობატარეებს აწარმოებს – პაწაწინა ზემძლავრ ბატრეებს, რომლებსაც უამრავ მოწყობილობაში იყენებენ, იქნება ეს ელექტრონული გადახდის ბარათები თუ სამედიცინო აპარატურა.
„ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს პასუხობს,“ – ამბობს ITEN-ის ხელმძღვანელი ფაბიენ გაბენი. „ამიტომ ITEN-ში საკუთარი წარმოების პროცესი დავნერგეთ, საკუთარ პროდუქტს ვაწარმოებთ და ექსპერტები დავიქირავეთ თითოეული ხელობის მიმართულებით. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ლაბორატორიებთან, საფრანგეთის მეცნიერული კვლევის ეროვნულ ცენტრთან, სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რაც გვეხმარება თავად წავიდეთ წინ და გადავამზადოთ ჩვენივე დასაქმებულები სრულიად ახალ უნარებში.“
მართალია, ევროპა ჯამურად ნულოვანი გამონაბოლქვის (Net Zero areas) მქონე ადგილებით ჩინეთს ჩამორჩება, მაგრამ ფაბიენ გაბენი ფიქრობს, რომ ის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით მოწინავეა.
„ევროპის ყველა ეს ახალი ინდუსტრია მდგრად მიმართულებას აითვისებს და ეს საშუალებას მოგვცემს, გარკვეული უპირატესობა გვქონდეს სხვა კონტინენტების ინდუსტრიებთან შედარებით,“ – ამბობს ფაბიენ გაბენი.
ქალაქი გრენობლი 2022 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქად დასახელდა. ამ ქალაქსა და მთელ ევროპასაც უფრო შორს სურთ წასვლა, მაგრამ მათი ვერცერთი გეგმა ვერ შესრულდება, თუ შესაბამისი კადრები არ ეყოლებათ. მომავალ შეხვედრამდე „ბიზნესპლანეტაზე“.
ავტორი: ანდრეა ბოლითო