მთავარისაქართველოსაქართველოში პარაპლანით ფრენა კვლავ შესაძლებელი იქნება

საქართველოში პარაპლანით ფრენა კვლავ შესაძლებელი იქნება

საქართველოს მთავრობამ შემოიღო დროებითი წესები, რომლის მიხედვითაც, ფრენების განხორციელება შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

კონკრეტული წესების შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა და მათგან ერთი დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პარაპლანით ფრენა აიკრძალა. ახლა კი პილოტებს, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ იმისთვის, რომ საქმიანობა კვლავ განაგრძონ.

გიორგი მებაღიშვილი თითქმის 6 წლის განმავლობაში დაფრინავდა  პარაპლანით…  მაგრამ 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო პარაპლანით ფრენა საქართველოში შეჩერდა. ამის გამო, გიორგი მებაღიშვილს  სხვა სამუშაოს მოძებნა მოუწია. გუდაურის მთებში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საქართველოს მთავრობამ დროებითი წესები მიიღო, რომელთა დაცვითაც ფრენა უსაფრთხო იქნება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამ ახალ წესებზე ისაუბრა.

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე  ამბობს, რომ  სულ მალე  გამოიცემა შესაბამისი აქტი,  შემდეგ კი, ერთ თვეში ახალი წესები ამოქმედდება, და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ფრენის გამოცდა ჩააბარონ და სერტიფიკატი აიღონ.

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი, გიორგი მებაღიშვილი ამბობს, რომ ფრენის იძულებითმა აკრძალვამ მის მთავარ საქმიანობას ძალიან შეუშალა ხელი. ახლა იმედი აქვს, რომ პარაპლანით ფრენა მალე კვლავ იქნება შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend