მალტის კუნძულ გოცოზე აღმართული დიდებული ციტადელი უკვე მრავალი საუკუნეა ზვიადად გადაჰყურებს ზღვას. საუკუნეთა განმავლობაში ციტადელს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის თავდაცვის, რელიგიური, ადმინისტრაციული….ციტადელმა მრავალჯერ გამოიცვალა მფლობელი, მათ შორის იყვნენ ფინიკიელები და რომაელებიც…დიდი ხნით მივიწყებული ციხესიმაგრე ევროპული პროექტის წყალობით ახალ სიცოცხლეს ეზიარა.
„ჩვენ აღვადგინეთ ძირითადი ფასადი და ციტადელის შიგნით მდებარე ისტორიული შენობები,“ – ამბობს სტივენ ჩინი, გოცის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ხელმძღვანელის თანაშემწე. „გარდა ამისა, აქედან გავიტანეთ ისეთი სერვისები, რომლებიც არ იყო ნებადართული. მოედნები და ქუჩები აღდგა და ქვაფენილი დაიგო, რისი წყალობითაც უფრო ადვილია გავლა.“
ციტადელში, რომელსაც კასტელოსაც უწოდებენ, მრავალი სახლი და ეკლესია დგას, მათ შორის არის მეჩვიდმეტე საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.
ამ ციხესიმაგრეს გოცის კუნძულის მცხოვრებნი შემოსევების დროს თავს აფარებდნენ. როდესაც ბასტიონს რეაბილიტაციას უტარებდნენ, იქ საიდუმლო დერეფნები და მრავალი უცნობი განძი აღმოაჩინეს.
„გათხრების დროს ციტადელში ძველი შესასვლელი აღმოვაჩინეთ,“ – განმარტავს რობერტა ატარდი, არქიტექტორი. „ნელ-ნელა ვაცლიდით მიწას, რომ არ დაგვეზიანებინა ძეგლის ზედაპირი. ის ხელუხლებლად არის შემორჩენილი და მისი ნახვა შესაძლებელია. შეგიძლია, შესასვლელის თავზე ახვიდე. ბრინჯაოს ხანის ორმოებიც ვიპოვეთ.“
რესტავრაცია 2014 წლის მარტიდან 2016 წლის ივნისამდე გაგრძელდა. სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ციტადელზე, რომელიც საუკეთესო ევროპული პროექტების დაჯილდოების Regiostars 2022-ის გამარჯვებულია.
ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 14. 8 მილიონი ევროა, რომლის 85 პროცენტიც ევროპის რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება, დანარჩენ 15 პროცენტს კი მალტა აფინანსებს.
ყოველ წელს თითქმის ერთი მილიონი ტურისტი მოდის კულტურული მემკვიდრეობის ამ მშვენიერი ძეგლის სანახავად. რესტავრაციის შედეგად გაკეთდა ვიზიტორების ცენტრი იმ ადგილზე, სადაც ბრიტანელების მმართველობის დროს წყლის ორი რეზერვუარი იდგა.
„როგორც გავიგეთ, გოცოს ისტორიასთან კავშირი ჰქონია საფრანგეთსა და ოსმალეთსაც,“ – ამბობს ოკეანე, ტურისტი. „ამ ისტორიულ ამბებს აქვე, დაფებზე, კითხულობ, ყველაზე უკეთ კი მუზეუმში მისვლის შემდეგ იგებ, სადაც ყველაფერი დოკუმენტურად არის დაცული. როდესაც იქიდან გამოდიხარ, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ცოდნის წყაროდ იქეცი.“
ციტადელი გოცოს ერთადერთი საგანძური არ არის. ეს კონცხი, რომელიც ენდემური ფლორითა და ფაუნით არის დაფარული, ევროკავშირის ნაკრძალების ქსელის Matura 2000-ის ნაწილია.
ავტორი: ავრორა ველესი