შვედეთისა და ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა ბოლო 3 ათწლეულში სკანდინავიურ ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში სტოკჰოლმის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული შტურმით აიღეს.
ერთთვიან სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „ავრორა 23“, 14 ქვეყნიდან 26 000 სამხედრო მონაწილეობს.
HMS Albion-ს კაპიტანი მარკუს ჰემბერი აღნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა მონაწილეობს ამ წვრთნებში. მისი თქმით, ადამიანებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად მოქმედება. როგორც წესი, რთულ დროს ძველი მეგობრები ერთად მუშაობენ. ესეც შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამყარებენ ძლიერ ურთიერთობას შვედეთთან. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრებას. მარკუს ჰემბერს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯიც მათი ურთიერთობების განვითარების ნაწილია.
ფინეთი მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა სკანდინავიური ქვეყნის წევრობის რატიფიცირება მოახდინეს. შვედეთის გაწევრება კი ფერხდება თურქეთის წინააღმდეგობის გამო.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი დარწმუნებულია, რომ ნატოს ძალიან ბევრ მოკავშირესა და წევრს უნდა, რომ შვედეთი გახდეს სრულუფლებიანი წევრი. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, ამიტომ ისინი ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას. თუმცა, ამავდროულად, დასძენს, რომ საბოლოო ჯამში ეს თურქეთის არჩევანია და იგი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი იმედოვნებს, რომ თურქეთში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვლება.
შვედეთმა, ფინეთთან ერთად, ნატოში გაწევრების განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მაისში, გააკეთა.