იმავე სცენარით, იმავე კადრებით, იმავე რეჟისურითა და იმავე მელოდიებით – წელს ისევ აღნიშნეს წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. იმ გამარჯვების, რომელიც 78 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ძლიერი მოკავშირეების წყალობით მოიპოვა.
უკვე ტრადიციად იქცა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სახმელეთო ჯარების მეთაური წითელ მოედანზე რუსული წარმოების ავტომობილებით, „აურუსებით“ შედიან, რომელიც კალაშნიკოვის მოტორზე მუშაობს და მისი დასახელება ლათინურად ოქროს რუსეთს ნიშნავს.
ასეა 2019 წლიდან.
„აურუსი“ ჯავშანმანქანაა და მხოლოდ რუსეთის ოფიციალური პირებისთვის მზადდება. ამ ბრენდის არის ვლადიმერ პუტინის ლიმუზინიც, რომელიც ჯავშნის გამო შვიდ ტონას იწონის. ავტომობილი, რომლის წარმოებითაც რუსეთი ასე ამაყობს – დიზაინით ბრიტანული როლს როისის პირდაპირი ანალოგია. 2019 წლამდე აღლუმის ამ კომპონენტში საბჭოთა წარმოების „ზილი” მონაწილეობდა.
ტრადიციულად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს პატაკი ჩააბარა. მთავარსარდალს, რომელიც დღეს უკვე ჰააგის სასამართლოს მიერ არის ბრალდებული და საერთაშორისო ძებნილია.
კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ პუტინთან წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების და ასევე თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი პირები ჩავიდნენ.
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებს, ემომალი რაჰმონსა და სადირ ჯაფაროვს გულზე გეორგიევსკის ლენტებიც გაუკეთებიათ, ისინი პუტინთან ყველაზე ახლოს დასვეს. ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს საკუთარი სახელმწიფოების დროშის ფერებში აქვთ გულსაბნევები… მსგავსი სიმბოლიკა არ აქვთ ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჟომარტ ტოყაევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ პაშინიანს, რომელიც პრეზიდიუმში ვლადიმერ პუტინისგან ყველაზე მოშორებით ზის.
მოსკოვში მისმა ჩასვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და სომხეთის ბოლოდროინდელი საგარეო კურსის გამო… თუმცა, ის ახლო მომავალში ბრიუსელშიცაა მიწვეული.
წლევანდელ აღლუმზე საბჭოთა კავშირის დროშა უკვე თამამად ფრიალებს და კრემლში არ მალავენ, რომ ეს სიმბოლიკა დღეს რუსეთის ხელისუფლებისთვის ისეთივე ძვირფასი და მნიშვნელოვანია, როგორც მათი დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლოები. წელს აღლუმის რეჟისორი ხშირად ანახებდა ახლო კადრით ბავშვებს საბჭოთა სიმბოლიკით და ცდილობდა კადრში მოეხვედრებინა უცხოელი სტუმრები, რათა მსოფლიოს დაენახა თუ ვინ იდგა წითელ მოედანზე საერთაშორისო სამართლით ბრალდებულთან ახლოს.
თუმცა, შესამჩნევია, რომ წელს წითელ მოედანზე გაცილებით მწირი იყო შეიარაღება ვიდრე წინა წლებში.
აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ. ეს ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. წლევანდელ აღლუმზე არ ყოფილა არც საავიაციო კომპონენტი, რომელიც „სიენენის” ცნობით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.
ისევე როგორც შარშან, დღესაც არ გამოჩენილა წითელ მოედანზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი… ბოლო ცნობებით, ის უკრაინაში ეგრეთ წოდებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს.
პუტინის მიერ წამოწყებულ ომს, სადაც 78 წლის განმავლობაში პირველად, ფრონტის ხაზზე მოქალაქეებიც მიჰყავთ. ომს, აქ მოსკოვში თავისი ნამდვილი სახელი არ ჰქვია.
სოფო მაქაცარია