მსოფლიოს ჯაზის წამყვანი მუსიკოსების მოსმენა, ჯაზის მოყვარულებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში. თბილისში ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან. თბილისის ჯაზის ფესტივალი 26-ედ გაიმართება.
ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, რომელიც როკ ოპერის „იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი“ ვარიაციებს შეასრულებს. მისი ფესტივალზე ხილვა იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. საქართველოში იტალიის ელჩი ამბობს, რომ მოხარულია ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფესტივალთან თანამშრომლობით.
„თბილისის ჯაზფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფესტივალია, რომელიც კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, ჯაზის ქართველ მოყვარულებს წარვუდგინოთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი, იტალიური ჯაზის ვარსკვლავი სტეფანო ბოლანი. მიმაჩნია, რომ ასეთი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებს აერთიანებს. საზოგადოებას კი შეუძლია ამ მრავალფეროვნებით ისიამოვნოს. რაც მთავარია, შეგვიძლია დავტკბეთ იმით, რაც ყველას გვაერთიანებს – და ეს არის კულტურა. საქართველოში კულტურის პოპულარიზაციით ჩვენ ვცდილობთ, იტალიელი, ქართველი და სხვა ეროვნების ხალხი გავაერთიანოთ“, – ამბობს იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო.
თბილისის ჯაზფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში ჩეხეთის საელჩოსთან და ჩეხეთის კულტურის ცენტრთან. სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ეწვევა საქართველოს, ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზმუსიკოსი მარტინ კრატოჩვილი და მისი ბენდი, 1964 წელს დაარსებული ჯაზ ქიუ.
„ჯაზფესტივალზე ჩეხი მუსიკოსების, მარტინ კრატოჩვილი და ერთ-ერთი წამყვანი ჯაზბენდის მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ ჩეხური ჯაზი. ასევე მოვისმინოთ სხვა ქვეყნების ჯაზის მიმდინარეობები. მაყურებელს კი შესაძლებლობა ეძლევა, სხვადასხვა ქვეყნის, ბენდისა თუ კულტურის ჯაზს გაეცნოს და ეს სხვადასხვა სტილის ჯაზი ერთმანეთს შეადაროს და ნახოს, თუ როგორ მრავალფეროვნად ვითარდება ჯაზი. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჯაზი არ მომკვდარა. ჩეხეთის საელჩოსთვის პრიორიტეტულია ჯაზფესტივალის ორგანიზატორებთან თანამშრომლობა. გვსურს, პარტნიორ ქვეყნებს ჩვენი კულტურა გავუზიაროთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მდიდარია ის. ამ გზით კი შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა კიდევ უფრო გავამდიდროთ. ჩვენი მიზანი ამ თანამშრომლობის გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით გაიხსნა ორი წლის წინ ჩეხეთის ცენტრი თბილისში“, – ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა.
მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად, თბილისის ჯაზფესტივალზე დაუკრავენ ქართველი მუსიკოსებიც. სწორედ ქართველი მუსიკოსი ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნიან ჯაზფესტივალს.
კონცერტების პარალელურად ჯაზფესტივალზე, ბევრი საინტერესო რამ იგეგმება. ჯაზის მოყვარულებს საყვარელი მუსიკის შეძენა ვინილების გამოფენა-გაყიდვაზე შეეძლებათ. ფესტივალზე შედგება ასევე, კახა თოლორდავას ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა – „პირველ პირში ერთი ფესტივალის ისტორია“.
„მოგეხსენებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან. ყველა ის არტისტი, რომელიც ევროპის თუ ამერიკის ფესტივალებზე, ყველაზე მოთხოვნადები არიან. ესენი გახლვთ ბილ ევანსის ჯგუფი. ე.წ. „All Star“-ის ჯგუფი, რადგან თითოეული წევრი ნამდვილად დიდი ვარსკვლავი არის. საინტერესოა, რომ ლეგენდარული ჯაკობო პასტორიუსის შვილი ფელიქს პასტორიუსი ჩამოდის. ის გამორჩეული არა მხოლოდ ამ ნათესაური კავშირის გამო არის, არამედ თვითონაც დიდი მუსიკოსია. ასევე ჩამოდის ჯაზის გენიოსად წოდებული სტეფანო ბოლანი, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტს წარმოგვიდგენს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი და ჯაზფესტივალის დამფუძნებელი მიშა გიორგაძე.
თბილისის ჯაზფესტივალი 9 მაისს გაიხსნება და 3 დღე გაგრძელდება. თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალის ბოლო დღეს ლეგენდარული ბასისტი და სამი გრემის მფლობელი სტენლი კლარკი დაუკრავს. კლარკი და მისი ბენდი, რომლის წევრიც ქართველი ბექა გოჩაშვილია, ფესტივალს 11 მაისს დახურავს.
თორნიკე კოპლატაძე