იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს ზეიმობენ ოფიციალურად უკრაინაც შეუერთდა – შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე წარადგინა უმაღლეს რადაში.
9 მაისს კი, როცა მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი იმართება, უკრაინა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ევროპის დღეს იზეიმებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წლის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვა ჩაწერა.
„ახლაც, როგორც 80 წლის წინ უკრაინა ებრძვის ტოტალურ ბოროტებას. ახლაც, როგორც 80 წლის წინ უკრაინა იბრძვის მომავლისთვის – საკუთარი და მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის. ახლაც, როგორც 80 წლის წინ ჩვენ ვეყრდნობით თავისუფალი ხალხების საერთო ძალას და ვიცით, რომ მათთან ერთად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი ევროპის ნაწილი, რომელიც არ დაემორჩილება ბოროტებას და დანარჩენ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს 9 მაისს უკრაინაში. ევროპის, რომლის ნაწილიც იყო და ყოველთვის იქნება უკრაინა. დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის ბრძანებას და ყოველ წელს ხვალინდელი დღიდან 9 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთობას – ყველა ევროპელის ერთობას, რომლებმაც გაანადგურეს ნაციზმი და გაიმარჯვებენ რაშიზმზეც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
საქართველოშიც უკვე წლებია, დავის საგანია როდის უნდა აღნიშნავდეს ქვეყანა ნაციზმზე გამარჯვებას.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, რუსიკო კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა საბჭოთა მეხსირებისგან უნდა გათავისუფლდეს და ნაციზმზე გამარჯვებას ევროპულ ქვეყნებთან ერთად აღნიშნავდეს.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ნაციზმე გამარჯვებას საქართველოში ხვალ, 9 მაისს აღნიშნავენ. ამასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება ევროპის დღეც, სლოგანით – „ევროპისათვის“