პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. ეს განცხადება მან ნიდერლანდებში ვიზიტისას სუსტერბერგის ავიაბაზაზე გააკეთა. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე ჰააგაში მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემა.
ნიდერლანდებში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰააგის კრიმინალური ექსპერტების მუშაობა უდავოდ ეხმარება რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას, რათა აღსრულდეს ყველაზე მთავარი – სამართლიანობა. მისი თქმით, ეს მათ საერთო გამარჯვებასთან აახლოებს.
მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტს უკრაინიდან ბავშვების გატაცება ედება ბრალად.
კიევში კი უკვე მეორე დღეა, განგაშის ხმა ისმის. უკრაინის საჰაერო ძალები იძულებული გახდნენ, ჩამოეგდოთ თავიანთი დრონი, რომელზეც კონტროლი დაკარგეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის ჩამოგდების გამო ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
ამავდროულად, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის რეპეტიცია მიმდინარეობს. მათი თქმით, დაგეგმილი ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ პუტინზე დრონებით თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ.