მთელი მსოფლიო სულგანაბული ელის უკრაინული არმიის კონტრშეტევას. არსებობს სხვადასხვა სავარაუდო სცენარი, თუ რა მიმართულებით მიიტანს კიევი შეტევას ოკუპანტებზე.
ზოგი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინელი სამხედროები ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებას შეეცდებიან, სხვები კი ფიქრობენ, რომ უკრაინული არმიის იერიში ზაპორიჟიისა ან დონბასის მიმართულებით იქნება.
უკრაინელი ჯარისკაცები დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღებით ოკუპანტების განდევნისთვის ემზადებიან.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ ომი შეიცვალა, აქტიური შეტევითი ოპერაციების მაგივრად ბრძოლის ველი სტატიკური გახდა. უკრაინა დიდი რაოდენობით დასავლურ შეიარაღებას იღებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მტრის საარტილერიო ცეცხლისგან თავის არიდებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ოკუპანტების მიერ გასროლილმა ერთმა ჭურვმა მთელი შემადგენლობა შეიწიროს.
უკრაინული არმიის მომავალ კონტრშეტევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
„ყველაფერი ამ სამხედრო ოპერაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მომზადება ყველაფერს უზრუნველყოფს. ამ მანევრების მომზადებაზე დიდი დრო დაიხარჯა, კარგი საბრძოლო გეგმა აუცილებელია, ცუდ დაგეგმარებას დიდი მსხვერპლი მოჰყვება“, – მიიჩნევს უკრაინელი ჯარისკაცი.
მომავალ კონტრშეტევაში მონაწილეობას უკრაინის არმიასთან ერთად ეროვნული გვარდიაც მიიღებს.