მთავარისაქართველოხალხის აზრით: NDI ახალ კვლევას აქვეყნებს

ხალხის აზრით: NDI ახალ კვლევას აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს საზოგადოების განწყობის შესახებ 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს საქართველოში.

გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ასევე გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს. ასევე გამოკითხულთა 73%-თვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი. გამოკითხული მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. NDI-ის ახალ კვლევას ოპოზიციაში ეხმაურებიან.

გარდა ამისა, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ – 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას ფულს რეგულარულად უგზავნის.

კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, კითხვაზე – გთხოვთ, შეაფასოთ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა 9% ამბობს, რომ კარგია, 42% მიიჩნევს, რომ საშუალოა, 48% აღნიშნავს, რომ ცუდია. NDI-ის კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

გამოკითხული მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; 22% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 35% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამას გარდა, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს – კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 61% იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე. ასევე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend