მთავარისაქართველოშინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტში  მუშაობენ  კანონზე,  „შინაური ბინადარი ცხოველების“ შესახებ.  პარლამენტში განიხილავენ ასევე,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 103-ე მუხლს,  რომლის მიხედვითაც, ცხოველების  მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესების დარღვევაზე აქამდე გათვალისწინებული ჯარიმა გაიზრდება.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ახალი კანონმდებლობითა და დაგეგმილი ცვლილებებით,  კატებისა და ძაღლების მეპატრონეთა პასუხისმგებლობაც გაიზრდება და მათთვის, ვინც ცხოველების გამრავლების ბიზნესით არის დაკავებული, ლიცენზირება დაწესესდება.

„შინაური ბინადარი ცხოველების“ შესახებ კანონი, გზაა რომ გაკონტროლდეს კერძო ბიზნეს სუბიექტები,რომლებიც ახორციელებენ ცხოველების მოშენებას და გაყიდვას, ასევე გაეზრდებათ პასუხისმგებლობები მეპატრონეებს, რადგან ხშირად ისინი უმეთვალყურეოდ უშვებენ ცხოველს ქუჩაში, რაც შემდეგ სახელმწიფო საზრუნავია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების შემცირებაზე.დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მალე იქნება შეტანილი და ვფიქრობ, ვითარებას დადებითისკენ შეცვლის. ჩვენ მეტად შეგვეძლება კანონის აღსრულება, მოქალაქეებს პასუხისმგებლობას ავუმაღლებთ. ინფორმაციას გადავცემთ, რომ აუცილებელია, როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, ელემენტარული წესები დაიცვა იმისთვის, რომ სხვა ცხოველები და ადამიანები უფრო მეტად დაცულები იყვნენ“, – მიიჩნევს „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი გიორგი კობიაშვილი.

ორგანიზაცია Animal Rescue Georgia-ს დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი, ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზების დაძებნაცაა საჭირო. თიკო კვალიაშვილი ამბობს,რომ მთავარი პრობლემა ცხოველთა უპასუხისმგებლო გამრავლებაა, მისი თქმით პრობლემები სწორედ ამას უკავშირდება, რადგან ქუჩაში დარჩენილი ცხოველი ხშირად  ხდება ძალადობის მსხვერპლი.

„მე პირადად ძალიან მაინტერესებს, რა გადის დანაშაულში ჩვენს ქვეყანაში,იმიტომ რომ, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ისეთი,რასაც ჩვენ დანაშაულს არ ვარქმევთ, ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა,რომ განსაკუთრებული სიმკაცრით მიუდგეს კანონი იმ ადამიანებს,რომლებიც უპასუხისმგებლოდ ამრავლებს ცხოველებს და განსაკუთრებით ისეთ ცხოველებს,რომლებიც არიან აგრესიისკენ მიდრეკილი და მეორე მაინტერესებს რეგიონებში როგორ აპირებენ კონტროლს, იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოცდილებით და შეხედულებით რეგიონებში ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი ცნობიერების ამაღლების კუთხით“, – აღნიშნავს ორგანიზაცია Animal Rescue Georgia-ს დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი.

გიორგი კობიაშვილი ამბობს, რომ მათ სამსახურში , ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, სულ მოკლე დროში, 300 ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ეს ცნობები, ცხოველების მიერ აგრესიის გამოვლენისა და ადამიანების დაკბენის ფაქტებს ეხებოდა.

ამ კანონპროექტით  ცხოველების ყოლისა და გამრავლების საკითხები  გაკონტროლდება. კანონის ამოქმედების შემდეგ, ყველა ძაღლი აღირიცხება და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვება  სავალდებულო გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend