უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან ახლოს პოზიციებს ამაგრებენ. რუსი სამხედროები მუდმივად ბომბავენ ტერიტორიას, თუმცა შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ რუსების შეტევა ბახმუტზე შეფერხებული და წარუმატებელია.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, რუსებმა გასული 5 თვის განმავლობაში ბახმუტის რეგიონში, სამხედრო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. მათ დეკემბრიდან 100 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგეს. აქედან 20 000 საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მათგან ნახევარზე მეტი „ვაგნერის“ ჯგუფიდან იყო. მათი უმეტესობა ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებში ყოველგვარი სამხედრო წვრთნის, მომზადების, საბრძოლო ხელმძღვანელობისა თუ ორგანიზებულობის გარეშე იყო ჩართული.
უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონში კი მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთის აფეთქებაზე, რომლის გამოც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
რუსეთში კი, სანქტ-პეტერბურგში, მოქალაქეებმა ცნობილი უკრაინელი მწერლის ტარას შევჩენკოს მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს იმ უკრაინელთა პატივსაცემად, რომლებიც გასულ პარასკევს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.