თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა რჩება. ისინი, ვინც პროცესებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეპოქაში, რადგან, წინასწარი გამოკითხვებით, ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვს.
არჩევნებში ერთმანეთს კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სოციალ-დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.
გასულ უქმეებზე ორივე კანდიდატმა მასშტაბური შეკრებები გამართა. დედაქალაქ ანკარაში ერდოღანმა პირობა დადო, რომ ოპოზიციას ღმერთის ნებითა და დახმარებით გაანადგურებს.
ერდოღანი, რომელიც 2003 წლიდან 2014 წლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ახლა კი პრეზიდენტია, იმ მეტოქის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მისი ახალგაზრდული ელექტორატის გადაბირებას ცდილობს. წელს 5.2 მილიონი ახალგაზრდა პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
ოპოზიციამ ქვეყნის დასავლეთში, იზმირში, გამართა მასშტაბური შეკრება. ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს ექვსი პარტიისგან შემდგარ კოალიციას. იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქვეყანას ნათელ მომავალს შეუქმნიდა და თურქეთის დემოკრატიას აღადგენდა.