როგორია „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“, – სწორედ ასეთია სამუშაო ჯგუფთან ერთად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში ჩატარებული თემატური მოკვლევის სახელწოდება. მოკვლევის მიხედვით, შრომის არათანაბარი განაწილება, გენდერული სახელფასო სხვაობა, ძალადობა და სტიგმა ქალებს ხელს უშლით საზოგადოებას თავიანთი სამეწარმეო პოტენციალი დაანახონ.
მოკვლევის ჯგუფის მთავარი ამოცანა, ქალთა მიმართ ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერებს და იმ ზოგადი გარემოს შესწავლა და რეკომენდაციების გაცემა იყო, რომელშიც მეწარმე ქალებს თავის დამკვიდრება უწევთ.
მოკვლევა 2022 წლის 31 მაისიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს იმას, რომ ქალებს საქართველოში ფინანსებთან თანაბარი წვდომა ჰქონდეთ.
მოკვლევა აჩვენებს, რომ სისტემური და ქალი მეწარმეების აქტიური ჩართულობით მათ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების დანერგვის გარეშე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე დახარჯული რესურსი ვერ მოიტანს მდგრად და მასშტაბურ შედეგებს. ამას გარდა, მოკვლევამ გამოავლინა, რომ მეწარმე ქალების პრობლემების დასაძლევად სისტემური მიდგომაა საჭირო და სახელმწიფოს მიდგომა საკმაოდ ფრაგმენტულია.
ანა ალელიშვილი