მთავარისაქართველობუდაპეშტში თეატრალურ ოლიმპიადაში ქართული თეატრის წარმოდგენები დასრულდა

ბუდაპეშტში თეატრალურ ოლიმპიადაში ქართული თეატრის წარმოდგენები დასრულდა

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, რომელიც უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობებით არის მიმზიდველი და ტურისტებისათვის პარლამენტის შენობით არის ცნობილი, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჯერად ხელოვნების მიმართულებით მოექცა.

ევროპული ქვეყნის დედაქალაქი, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადას მასპინძლობს.

დასები უნგრელი და არამხოლოდ უნგრელი მაყურებლის წინაშე წარმოდგენებს, ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის სცენაზე მართავენ.

ქართული თეატრის სახელით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო „თავისუფალმა თეატრმა“. რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის დაარსებულმა თეატრმა მაყურებელს, ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის ორი ნაწარმოების – „რიჩარდ მესამისა“ და „ოტელოს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარუდგინა.

ორივე სპექტაკლის მონაწილე მსახიობებმა ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ფესტივალში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ ამ მასშტაბის ფესტივალზე. მგონია, რომ ჩვენმა თეატრმა ყველაფერს კარგად გაართვა თავი. ეს ეტყობოდა მაყურებელს, რომელიც ჩემთვის ნაცნობი მაყურებლისგან განსხვავებულია. მთელი სპექაკლი იშვიათად გამოხატავდნენ რეაქციებს. გასუსული იყვნენ დარბაზში. ბოლოს კი ერთიანად გამოუშვეს ემოციები და საოცარი ტაში იყო. რაღაც პერფორმანსს გავდა“, – ამბობს მსახიობი ლაშა გურგენიძე.

„თავისუფალი თეატრის“ წარმოდგენები ფართოდ შეაფასეს თეატრმცოდნეებმა და მასპინძლებმა. მათი განცხადებით, ამ სპექტაკლებით ქართულმა თეატრმა ოლიმპიადაზე, თავისი სათქმელი თქვა.

„ის რომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო იღებს ამ მასშტაბის ფესტივალში მონაწილეობას, უკვე ცალკე დასტურია იმისა, თუ რამდენად მაღალ დონეზეა ქართული თეატრი შემოქმედებითად. ჩვენი კიდევ ერთი წარმატება ისაა, რომ ვთამაშობთ ძირითად პროგრამაში, თან ორი სპექტაკლით. ეს ორივე წარმოდგენა დაკავშირებულია შექსპირთან და მისი თამაში ყველას არ შეუძლია. ეს ლაპარაკობს მხოლოდ იმას, თუ როგორია ქართული თეატრი. ამ ფესტივალში მონაწილეობა მხოლოდ „თავისუფალი თეატრის“ წარმატება არ არის. ეს არის მთლიანად ქართული თეატრის გამარჯვება“,- აცხადებს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ოლიამპიადა უნგრულ-რუმინული თეატრის წარმოდგენით გაგრძელდა, რომელიც მაყურებელს ყოველდღიურობისა და ადამიანებს შორის კონფლიქტის მარტივი მიზეზით დაწყების შესახებ უამბობს. ორი ქვეყნის გაერთიანებული დასის რეჟისორის ატილა ბალაშის თქმით, საავადმყოფოში დაწყებული კონფლიქტი, მთელ საზოგადოებაში შეიძლება გავრცელდეს და თეატრის ენით, სწორედ ამის ჩვენება სურდა მაყურებლისთვის.

„ეს არის რობერტ აიკის მიერ დაწერილი სპექტაკლი და მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, ადაპტირებული და მორგებულია თანამედროვეობას. თეატრი ჩვენი საზოგადოების სარკეა და ეს სპექტაკლი მაყურებელს აჩვენებს იმას, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ექიმების ჯგუფი პაციენტის მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. მათ შორის კონფლიქტი წარმოიქმნება. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი განზოგადოებულია, რომელიც დღესდღეობით ყველგან არსებობს და ვრცელდება მედიისა თუ სოციალური მედიის საშუალებით. თითოეული ჩვენგანი ამ კონფლიქტშია ჩართული და გვავიწყდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გულითა და სულით“, – განაცხადა ატილა ბალაშმა.

უნგრეთი, როგორც ფესტივალის მასპინძელი  საბერძნეთის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დიდი ქვეყნების შემდეგ გახდა. ოლიმპიადაში 58 ქვეყნიდან 400 დასი, 7500 მსახიობით იღებს მონაწილეობას. თეატრალური ოლიმპიადა მეათედ იმართება და სპორტული ოლიმპიადის მსგავსად, ისიც საბერძნეთში ჩამოყალიბდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend