მთავარისაქართველოალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოების გამოფენა

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოების გამოფენა

ფეხბურთის ქართველი თუ უცხოელი ლეგენდები, ოლიმპიური ჩემპიონები, მოჭადრაკეები, ობიექტივით შეჩერებული ქართული სპორტის ისტორიის მნიშვნელოვანი წამები – ამ ყველაფერს სპორტის ლეგენდარული ფოტოგრაფის ალექსანდრე კოტორაშვილის ნამუშევრები ასახავს. დღეს მათი ნახვა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია შესაძლებელი.

„აქ ქართული სპორტის 4-5 თაობა არის წარმოდგენილი. გადავწყვიტე, რომ ორი კადრი გამომეფინა, რომ ხალხს ენახა. ახლა აქ კარგი სურათებია წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ უამრავი ფოტოები მაქვს. რაც კი სპორტის სახეობა არსებობს, ყველა მაქვს გადაღებული,“ – ამბობს ალექსანდრე კოტორაშვილი.

ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენა სპორტის გამორჩეული ფოტოგრაფის 80 წლის იუბილესადმია მიძღვნილი. თუმცა ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ მისი შემხედვარე ძნელია ამის დაჯერება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, წელს იგი ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური კომიტეტის დიპლომითა და პრემიით დაჯილდოვდა.

დგას და შეჰყურებს თავისი ცხოვრების ნამუშევარს. რა თქმა უნდა, ვერც ერთს გამოარჩევს, მისთვის ყველა ფოტო ამ ცხოვრების ნაწილია და განსაკუთრებულ ამბავს ჰყვება.

„ამ ფოტოს ფეხბურთის ბალეტი დავარქვი,“ – „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში ალექსანდრე კოტორაშვილი თავის ერთ-ერთ სურათს აღწერს, – „აქ ყველა ფეხის წვერებზე დგას. ხელები ყველას თანაბრად აქვს გაშლილი. და ყველას ფეხი ბურთთან თანაბრადაა აწეული. სიმეტრიულად ძალიან კარგია. ეს სურათი უეფას შტაბბინაში იყო ჩამოკიდებული“.

ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის მემატიანის პირველი ფოტო 1964 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მას უამრავი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა აქვს გადაღებული, დაწყებული ლეგენდარული ფეხბურთელებიდან, როგორებიც არიან: კარლ-ჰაინც რუმენიგე, ბორის პაიჭაძე, მიშა მესხი, დღევანდელი ვარსკვლავებით დამთავრებული, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ფოტოთი. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული ოსტატობით სპორტული აზარტითა და ფოტოზე ასახული დინამიკით გამოირჩევა.

„სანდრომ ქართული სპორტი შემოგვინახა. ის არის ლეგენდა. ჩვენი თაობა, ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები ამ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებიც მართლაც საოცარი სპორტსმენები იყვნენ, არასდროს დაივიწყებენ“, – ამბობს თამაზ ათანელი.

ალექსანდრე კოტორაშვილის, ჟურნალისტთა წრეებში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი „კოტორას“, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნამუშევრების ალბომიც დაიბეჭდა. ეს სპორტითა და სიცოცხლით სავსე კრებული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით გამოიცა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend