მთავარისაქართველოუკრაინული ხელოვნების ფესტივალი თბილისში

უკრაინული ხელოვნების ფესტივალი თბილისში

პიესა „სიბნელეში“, რომლის მიხედვითაც თეატრალური წარმოდგენა დაიდგა შვედურია, თუმცა ამბავი ყველასათვის ნაცნობი. ეს არის ამბავი გაურკვევლობაზე, როდესაც აღმოჩნდები გარდაუვალი კატასტროფის  წინაშე. ავტორის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მსახიობებს ეთამაშათ სიბნელეში, ასეთია ამ დროის რეალობა – მაშინაც კი შეიძლება ბნელოდეს, როცა შუქი ჩართულია.

ეს წარმოდგენა თბილისში, უკრაინული ხელოვნების ფესტივალის, ბუკეტ კიევ სთეიჯის ფარგლებში დაიდგა და მასში უკრაინელი მსახიობები მონაწილეობენ. ფესტივალი 2018 წლიდან იმართება კიევში, რომელიც აერთიანებს მუსიკას, თეატრს, კინოს, ლიტერატურასა და ვიზუალურ ხელოვნებას. წელს ფესტივალს თბილისი მასპინძლობს.

“ჩვენ გვიყვარს ქართველები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ადამიანები რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის , თავისუფლებისთვის უკრაინაში და თავისუფლებისთვის საქართველოში და მთელ პლანეტაზე.

აქ ვახდენთ ჩვენი საუკეთესო კალაშნიკოვის დემონსტრირებას, მაგრამ ეს არ არის კალაშნიკოვი, ეს არის მუსიკა, ხელოვნება, ხელოვნება რომელიც ჩვენი გულებიდან მოდის”, – ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ევგენი უტკინი.

თბილისის ღვინის მუზეუმში წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის ჯუდა-ხატია ფსუტურის 2008 წლის ომისდროინდელი და უკრაინელი ომის ფოტოგრაფის, ალექსანდრე გლიადელოვის ნამუშევრები, რომელიც ახლაც ფრონტის წინა ხაზზეა და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაფიქსირებას ცდილობს.

“როდესაც ამ გამოფენაზე შემოდიხართ პირველ რიგში წარმოდგენილია იმ ომის ფოტოები, რომელიც საქართველოში იყო 2008 წელს, შემდეგ თქვენ მოხვდებით დარბაზში სადაც გამოფენილია უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. მაგრამ აქ ყველგან, დარბაზის ორივე ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ ის კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს, ეს არიან ადამიანები რომლებიც ტირიან, ეს არის განადგურებული საცხოვრებელი სახლები, ეს არის ბავშვების შეშინებული თვალები, განადგურებული საბავშვო სათამაშო მოედნები, ის ადგილები, სადაც ადრე ბავშვები თამაშობდნენ”, – წუხს ტატიანა ფიქსი, ფესტივალის გუნდის წევრი

ფესტივალის ორგანიზატორებმა თბილისში ჩამოიტანეს როგორც თავად უწოდებენ „ომის ფრაგმენტები“. საგამოფენო სივრცეში შეხვდებით სხვადასხვა ნივთებს უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებიდან.

“ჩვენ ჩამოვიტანეთ საქართველოში მხოლოდ ექვსი ნამუშევარი იმ სამასიდან რომელიც გვაქვს, თითქმის ყველა მათგანი არის უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ დრონის ნაწილი, რომელიც ჩამოვარდა აზოვსტალში, ერთ-ერთი კიევის ოლქიდან არის, ადგილიდან სადაც წამების ოთახები მოაწყვეს რუსებმა. ერთ-ერთი არტეფაქტი, ხატი არის წარმოდგენილი იზიუმიდან, სადაც დეოკუპაციის შემდეგ იპოვეს მასობრივი სამარხები. ის ადამიანი აღარ არის ცოცხალი, ხატი  გადმოგვცა მისმა დამ, რუსებმა გაძარცვეს მისი სახლი, წაიყვანეს, სამი დღე აწამებდნენ, შემდეგ ჩამოახრჩვეს, ამ ამბებით გვინდა ვაჩვენოთ ის სიმხეცეები, რასაც რუსები სჩადიან უკრაინაში”, – ამბობს ანდრიი სერჩენკო, პროექტ “ომის ფრაგმენტების” პროდისუერი.

Bouquet Kyiv Stage-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია გააერთიანოს უკრაინელები და ქართველები, ადამიანები, რომლებიც სინათლის მხარეს არიან იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend