კლინიკის ოთახში ახლა განსაკუთრებული განწყობა ტრიალებს – პატარა პაციენტებს ექიმი ჯამბაზები ესტუმრნენ. მათი შეხვედრა ყოველთვის დიდი სიხარულითაა სავსე.
ბავშვები ექიმ ჯამბაზებს მოუთმენლად ელიან, რომ თავიანთ ამბებს მოუყვნენ და ემოციები გაუზიარონ. მერე თამაშობენ, მღერიან, სხვადასხვა პერსონაჟის როლს ირგებენ და სიცილით თერაპიაც იწყება. ექიმი ჯამბაზები ბავშვთა კლინიკებსა და ჰოსპისებში ძირითადად ონკოლოგიური და პალეატიური დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობენ.
მათი მიზანი ერთია – პატარა პაციენტების გაბედნიერება. სიცილით თერაპევტი ექიმები საქართველოში 2022 წლიდან გამოჩნდნენ.
გზა, რომელიც გაიარეს, მარტივი არ იყო. პატარა პაციენტებთან ფსიქოლოგი და მსახიობი წყვილში, ერთად მუშაობენ. ამბობენ, რომ ასე ერთმანეთს ავსებენ. გააცინო პატარა პაციენტი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, არც თუ ისე იოლია…
თუმცა, ექიმი ჯამბაზები ამას ახერხებენ და მათთვის ბავშვების გაბრწყინებული თვალები და მათგან მიღებული დადებითი ემოცია ყველაფრის საპირწონეა.