მთავარისაქართველოგათენებული 6 ღამის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

გათენებული 6 ღამის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი - ""ვინც არ არის ამ საქმეში ჩახედული, ისე წარმოაჩინეს "მიეცით წამალი ბავშვებს", თითქოს, წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია..."

მთავრობის კანცელარიასთან გათენებული 6 ღამის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მან ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მშობლების ნაწილი კი ამბობს, რომ მათი შვილები დღეში რამდენჯერმე წყვეტენ სუნთქვას და ამ დიაგნოზის თანმხლები დაავადებების გამო არსებობს იმის რისკიც, რომ ერთ დღეს ძილიდან ვეღარ გამოიღვიძონ.

“მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის. ვინც არ არის ამ საქმეში ჩახედული, ისე წარმოაჩინეს “მიეცით წამალი ბავშვებს”, თითქოს, წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია… ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, ცდილობენ უმწიკვლო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მედიკამენტის შემოტანაზე სახელმწიფოს უარი არ უთქვამს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ, ქეთევან ბეგიაშვილმა კი პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ თქვა – „მე ვარ “ქართული ოცნების” წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით. მე თქვენივე პარტიის და ჩემს მაჟორიტარს ვთხოვე დახმარება. მე ვინც დამეხმარება ის იქნება ჩემი მეგობარი. როგორ გგონიათ, ჩვენ მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას არ მივცემთ უფლებას, რომ გამოგვიყენოს. ოპოზიცია თანადგომას გვიცხადებს. რატომ არ გვისმენს პრემიერ-მინისტრი ჩვენ? რატომ არ უსმენთ ჩვენი შვილების ექიმებს? მე არ ვთვლი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პასუხს უარად, მაგრამ თავს უღირსად ვთვლი, რომ თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არცერთი სახელმწიფო არ აფინანსებს ამ წამლით მკურნალობასო. ჩვენი შვილებისთვის ფინანსები არ ემეტებათ?!“

ამავე საკითხზე მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანამდე აუცილებელია არსებობდეს მეტი საერთაშორისო მტკიცებულება, რათა „ვოსორიტიდის“ მიღებამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გააუარესოს.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ მტკიცებულებების გარეშე ბავშვების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს საქართველოს მთავრობა და შესაბამისად, ისინი ამ ეტაპზე მედიკამენტს არ შემოიტანენ.

მთავრობის წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მოცდისკენ მოუწოდებენ, მშობლები კი ამბობენ, რომ მათ შვილებს ამის დრო არ აქვთ. შესაბამისად, ისინი ვერც პროტესტს შეწყვეტენ, და ვერც სახლში დაბრუნდებიან.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობლები დღეს მეშვიდე ღამეს გაატარებენ მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მათი მოთხოვნები იგივე რჩება – პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მედიკამენტვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა.

ანანო ღუდუშაური

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend