ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ადგილი ნატოშია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კი უკრაინა ნატოში გაწევრებას იმსახურებს და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტზე ამ თვალსაზრისით კიევი ხელშესახებ პროგრესს ელის.
„უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ სამიტზე ორი მთავარი საკითხი განიხილება. პირველი გახლავთ წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის საკმარისი მასშტაბის სამხედრო დახმარების გაწევა, ეს კი უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მეორე, უფრო კონკრეტული საკითხი კი გახლავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავსებადობის ზრდა ნატოს სტანდარტებთან,” – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ მისმა სახელმწიფომ ნატოში გაწევრებისთვის ყველაფერი გააკეთა.
“ნატოს მომავალ სამიტზე ვილნიუსში უკრაინისათვის გაწევრების სამოქმედო გეგმის არ მინიჭებას ვერც უკრაინელები და ვერც ევროპელები ან ნატოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ვერ გაიგებენ, უკრაინამ ნატოში გაწევრებისთვის ყველა ღონე იხმარა”, – მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის ნატოში გაწევრებისთვის ხელის შეშლა არის.
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა, ამ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება.