სუდანში გრძელდება შეტაკებები სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების გასამხედროებულ ჯგუფს შორის. გავრცელებული ცნობებით, მხარეები უარს აცხადებენ მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მძიმე მდგომარეობაშია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იძულებულია, თავისი კარ-მიდამო დატოვოს. ბოლო ინფორმაციით, გასულ შაბათს დაწყებულ დაპირისპირებასა და ძალადობას 330-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
სუდანში გრძელდება ბრძოლები. დაპირისპირებული მხარეები უარს აცხადებენ მოლაპარაკებაზე. ვრცელდება ცნობები ძალადობის შესახებ როგორც მთელი ხარტუმის მასშტაბით, ისე ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. სუდანის სამხედრო მმართველი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი და მოჰამედ ჰამდან დაგლო, რომელიც სწრაფი მხარდაჭერის ძალების გასამხედროებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს არ გამართავენ.
ოთხშაბათს საღამოს გამოცხადებულმა 24-საათიანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ცოტა ხნით სიმშვიდე მოიტანა, რამაც 20 000-ზე მეტ მოქალაქეს მისცა საშუალება, ვითარებას განრიდებოდა. შაბათს დაწყებულ ძალადობას ამ დრომდე 330-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მოქალაქეები ელექტროენერგიის, წყლისა და ასევე პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე არიან დარჩენილი.
სუდანიდან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთა ევაკუაციის მოლოდინში, შეერთებული შტატები აღმოსავლეთ აფრიკაში თავის ძალებს აგზავნის. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხარტუმში მყოფი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მხარეებს სულ მცირე 3 დღით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან ამ პერიოდში მუსლიმანთა წმინდა თვე – რამადანი სრულდება. მისი თქმით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებამდე.