მთავარისაქართველოპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ხვალისთვის გადაიდო

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ხვალისთვის გადაიდო

საქართველოს პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრა დღეს არ გაიმართა. ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდის სახელით საზოგადოებას და დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააცნო. დეპუტატების პროტესტის მიუხედავად შალვა პაპუაშვილმა, გადაწყვეტილება არ შეცვალა.

არადა ოპოზიციამ მრავალი მცდელობის შემდეგ, მოახერხა შეეკრიბა ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი. სრული დასწრების მიუხედავად, კენჭისყრამ სავარაუდოდ 19 აპრილის სხდომაზე გადაინაცვლა. თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ხვალინდელ სხდომაზე კოლეგები სრულად  ვერ შეკრიბონ, რაც საკითხის ჩაგდებას გამოიწვევს. მათი განცხადებით, ამით „ქართული ოცნება“ ცდილობს დრო გაწელოს და ოპოზიციას ხელი შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენაში, რადგან მმართველი პარტია ე.წ. „კლანს“ ხელს აფარებს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მთელი პოლიტიკური სპექტრის სახელით, პარლამენტში დაარეგისტრირა საკითხი „საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლისთვის“. დღეს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმ სანქციების შემდეგ, რომელიც ქვეყანამ მიიღო, როცა პერსონალურად დასანქცირდა სამი მოსამართლე და ერთი ყოფილი მოსამართლე. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე ადეკვატური პასუხი იმისათვის, რომ უკვე სანქციები მართლა და სინამდვილეში პერსონალურ სანქციებად იყოს აღქმული და არ დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი, იქნებოდა თუ საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, ანუ ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადასადგმელი ნაბიჯი და აქ არ უნდა იყოს „შენი თუ ჩემი დღის წესრიგი“ სალაპარაკო თემა. თუმცა, „ქართული ოცნება“ ხელს უშლის ამ კომისიის შექმნას, რადგან ამ „კლანის“ უკან დგას და არ უნდა ჭეშმარიტების დადგენა“, – განაცხადა კომისიის შექმნის თანაინიციატორმა ხათუნა სამნიძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, ამ კომისიის შექმნა პოლიტიკური ჩარევა იქნება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში და ამით ოპოზიციას პოლიტიკური ქულების დაწერა სურს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აზრს ვერ ხედავენ საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რადგან მათი თქმით სასამართლოში გამოსაძიებელი არაფერია.

„იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც. ეს ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. ოთხშაბათს არის კენჭისყრების დღე და შესაბამისად, სამშაბათს შემოტანილი საკითხების კენჭისყრა ხდება ოთხშაბათს დილით“, – განაცხადა შალვა პაპუაშილმა.

პარლამენტში სასამართლოში შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოვლენისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დიდი ხნის წინ დარეგისტრირდა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით კომისია აქამდე ვერ შეიქმნა. დღისწესრიგში საკითხი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ კვლავ გააქტიურდა.

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ამ საკითხის კენჭისყრამდე მიტანას, რისთვისაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება და კოლეგა დეპუტატების საკმარისი რაოდენობის სხდომაზე დასწრებაა საჭირო, ეს სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend