სააღდგომო კვერცხები, პასკები, ხელნაკეთი აქსესუარები, ჩანთები და სააღდგომო თემატიკის სხვა ნივთები – ამ და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მიერ დამზადებული სხვა ნაწარმის დათვალიერება და ყიდვა საგაზაფხულო გამოფენაზე იყო შესაძლებელი. სააღდგომოდ გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ორგანიზაციამ, სახელწოდებით “კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ”. ორგანიზაციის წევრებს უხარიათ, თავიანთი ნამუშევრების გამოფენის საშუალება რომ მიეცათ.
„ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის, რადგან ეწყობა სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა. მადლობელი ვარ ამ დღით, მით უმეტეს, რომ ამ სოციალური თერაპიის სახლში ორჯერაა დღესასწაული. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია“, – ამბობს ნინო კუპატაძე.
„აქ სექტემბერში მოვედი და ყველა შემიყვარდა. აქ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ. ვაკეთებთ თექას, გობელენს, სამაჯურებს. აქ ყოფნა მიხარია“, – ამბობს ეთერ ბოჟაძე.
ორგანიზაციაში “კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” 8 სხვადასხვა სახის შრომით თერაპიას ათობით წევრი გადის. ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოში მოხალისედ მუშაობს გერმანელი აგნეს ირო. ის საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ემუშავა.
„მინდოდა, სკოლის დასრულების შემდეგ სოციალური განხრით მემუშავა. ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა და მსურდა, ეს საზოგადოებისთვის დამებრუნებინა. როდესაც მოხალისედ სამუშაოს ვეძებდი, აქაურობის შესახებ შევიტყვე და მაშინვე მივხვდი, რომ აქ უნდა ჩამოვსულიყავი. ჩვენ აქ რვეულებს, წიგნებს ვამზადებთ. ბევრს ვხატავთ, ასევე ვმუშაობთ წიგნების ყდის დიზაინზე. ბენეფიციარებს ისეთ რაღაცებში ვეხმარები, რაც მათთვის შეიძლება რთული იყოს. აქ ყველანი ერთად ვმუშაობთ“, – ამბობს მოხალისე აგნეს ირო.
ორგანიზაცია “კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” 1990 წელს დაარსდა და მას თავიდან მხოლოდ 5 წევრი ჰყავდა. ახლა კი მათთან შრომით თერაპიას 20 ზრდასრული წევრი გადის. ასევე ორგანიზაცია სოციალური თერაპიის კურსებს ატარებს. ისინი იმ კადრების გადამზადებას უწყობენ ხელს, რომლებიც სერვისცენტრებში მუშაობენ. სერვისცენტრში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, თუმცა თვლიან, რომ საბაზისო დაფინანსებაც აუცილებელია.
„ეს არის საგაზაფხულო-სააღდგომო ბაზრობა. ყველა სახელოსნოს გამოაქვს ის ნამუშევრები, რომლებსაც ისინი თერაპიული მიზნით აკეთებენ. რას ნიშნავს თერაპიული შრომა? ამ დროს წევრი ჩართულია იმ საქმეში, რომლის გაკეთებაც შეუძლია. შემდგომ, როგორც კონვეიერი, მეორესთან, მესამესთან გადადის. საბოლოოდ, გამოვა მშვენიერი კურდღელი, ან მშვენიერი დაპრინტული ჩანთა, ან ლამაზი სანთელი ჩამოისხმება. პირველ რიგში, იმდენად მაღალია მოტივაცია, რომ არ იღლებიან. მეორე მხრივ, შრომის ძალიან სწრაფი რიტმია, ამ დროს ენერგეტიკაც მატულობს, მოტივაციასთან ერთად. ამას ემატება ისიც, რომ მათ ძალიან უყვართ სტუმრები“, – ამბობს სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი და სოციალთერაპევტი ლია ასანიშვილი.
წინასააღდგომო ბაზრობის ორგანიზატორების თქმით, საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ საზოგადოება ბევრად უფრო გახსნილია. გამოფენა-ბაზრობები და მსგავსი ღონისძიებები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სპეციალური საჭიროების მქონე პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
თორნიკე კოპლატაძე