დიანა სკუპჩენკო და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი უკვე მეორე წელია, აღდგომას მშობლიურ სახლში ვერ ხვდებიან.
მილანა 5 წლისაა, კამილა 11-ის, ოჯახმა ხარკივი ომის დაწყებიდან მალევე, არასრული შემადგენლობით დატოვა. დიანას ქმარი და ბავშვების მამა უკრაინაში დარჩა, სამშობლოს დასაცავად. მათი ერთადერთი სურვილია, რომ მალე მშვიდობა დამყარდეს და ოჯახმა დღესასწაულები კვლავ ერთად იზეიმოს, ისე, როგორც ომამდე იყო.
„წელს სახლში შევხვდებით, სააღდგომო სუფრას გავშლით, ჩვენივე გამომცხვარი კულიჩებით, რადგან აღდგომა ოჯახური დღესასწაულია, ნათესავებს დავურეკავთ, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ და შევიკრიბებით მაგიდასთან, ნათესავები უკრაინაში და ჩვენ აქ, საქართველოში, – ასე შევხვდებით აღდგომას.
იდეალური აღდგომა ისაა, რომელსაც ოჯახურ გარემოში ხვდები, ძალიან მინდა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლები საქართველოში და უკრაინაში, ისინი დაბრუნდნენ სახლში, საკუთარ ოჯახებში და მშობლიურ მიწაზე შეხვდნენ შემდეგ წელს აღდგომას, რომ უკვე ყველა სახლში იყოს“, – ამბობს დიანა სკუპჩენკო.
დიანა საოჯახო რეცეპტით თავად აცხობს სააღდგომო კულიჩებს. ამბობს, რომ ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. დიანამ გადაწყვიტა საყვარელი საქმით დაკავებულიყო და იმ უკრაინული ოჯახებისთვის რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სააღდგომო ნუგბარი გამოეცხო. ამ საქმეში მას შვილებიც აქტიურად ეხმარებიან.
„წელს გადავწყვიტე უკრაინელი ოჯახებისთვის გამომეცხო სააღდგომო კულიჩები, ქართული პასკა განსხვავდება იმისგან, რომლის კეთებასაც უკრაინაში ვართ მიჩვეული, მასში არ ვამატებთ იმდენ სუნელს როგორც საქართველოში, ამ პასკაში დავუმატე ქიშმიში, გარგრის ჩირი, ფორთოხლის ცედრა, კონიაკში დავარგებული გამომშრალი ხილი და ვანილი, სხვა არომატულ სუნელებს არ ვუმატებ. ეს არის პასკა ძველებური, კლასიკური რეცეპტით, ეს არის პასკა, რომელსაც ჯერ კიდევ ბებიაჩემი, შემდეგ დედაჩემი და ახლა უკვე მეც ამ რეცეპტით ვაცხობ“, – ყვება დიანა.
გასულ წელს აღდგომა სკუპჩენკოების ოჯახისთვის განსაკუთრებით რთული იყო. ომს გამოქცეულებმა თავი თავდაპირველად პოლონეთს შეაფარეს. დიანა იხსენებს ,როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ერთ დღეში.
„ომი ახალდაწყებული იყო, არაფრის სურვილი არ გვქონდა, გულში დიდი პროტესტი გვქონდა , ამ მდგომარეობის მიუღებლობა გვქონდა, ვერ ვეგუებოდით, ვერ ვხდებოდით, რატომ, რისთვის, იყო ტკივილი. ეს ტკივილი არაფრის კეთების საშუალებას არ გვაძლევდა, არაფერი გვინდოდა.
აფეთქების და სროლის ხმებისგან გაგვეღვიძა, არტილერია ისროდა, ფანჯრები ზანზარებდა, მე და ქმარს გაგვეღვიძა, ჯერ კიდევ დილის ოთხი საათი იყო. კარადასთან ვიდექი, არ ვიცოდით რა გვექნა, ქმარს ვკითხე რა ვქნათ მეთქი, მითხრა ნივთები ჩაალაგეო. დედასთან წავედით, კერძო სახლი აქვს, იქ სარდაფში გვქონდა საშუალება რომ დავმალულიყავით ავიათავდასხმებისგან. შემდეგ ძალიან რთული გზა გავიარეთ, სამი დღე-ღამე მივდიოდით უკაცრიელ გზებზე, გამოღწევა მოვახერხეთ. შემდეგ საქართველოში ჩამოვფრინდით თვითმფრინავით,
მერე უკვე თბილისში. არ ვიცოდით რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი , გაგრძელდა, გაგრძელდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ“
და ცხოვრობენ კიდეც, გარდა აღდგომისა დიანა სხვა დღეებშიც იღებს შეკვეთებს და სხვადასხვა უკრაინულ კერძებს ამზადებს. მილანა ქართულ საბავშვო ბაღში, კამილა კი სკოლაში, უკრაინულ სექტორში სწავლობს – ასე ეგუება ოჯახი სამშობლოდან შორს ცხოვრებას, სურვილით, რომ ომი მალე დასრულდება და მშობლიურ სახლს დაუბრუნდებიან.