ბუქარესტში მიმდინარე შავი ზღვის ფორუმზე რუმინეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას. უკრაინული მხარე ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროს უფრო მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღონ. ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს. ამაზე პასუხი არ დააყოვნა კრემლმა და განაცხადა, რომ ეს არასდროს მოხდება.
რუმინეთი, უკრაინა და მოლდოვა ერთად დგანან რუსული აგრესიით გამოწვეული საფრთხეების წინაშე. მათ ბუქარესტში გამართულ შავი ზღვის კონფერენციაზე რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, უფრო მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღონ რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროს.
ემინე ჯაპაროვა იმოწმებს უკრაინელების ცნობილ გამონათქვამს: „ყველაფერი ყირიმით დაიწყო და ყველაფერი ყირიმში უნდა დასრულდეს“. ყირიმის გაკვეთილმა მათ ასწავლა, რომ შერბილებულ ენას პუტინი სისუსტედ აფასებს. მისი თქმით, მოსაზრებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და იზოლაციის დროს უფრო კატეგორიულები უნდა იყვნენ, მხარს უჭერენ რუმინეთი, მოლდოვა და სხვა ქვეყნებიც.
შავი ზღვის რეგიონი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და ევროპის უსაფრთხო მომავლისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შავი ზღვის დემილიტარიზაციის საკითხზე ისაუბრა და დასძინა, რომ ზღვას ნატო უნდა აკონტროლებდეს.
კრემლმა უპასუხა, რომ შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა. ეს ყველა სანაპირო სახელმწიფოსთვის საერთო ზღვაა, რომელიც ურთიერთქმედებას, თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ორას ორმოცდაათზე მეტი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, რომლებიც მხოლოდ ევროპიდან არ იყვნენ წარმოდგენილი, ცდილობდა ეპოვა გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო წესრიგის აღდგენა შავი ზღვის რეგიონში. ამ პრობლემას ერთადერთი მარტივი გამოსავალი აქვს – რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან და კიევმა უნდა აღადგინოს კონტროლი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს საშუალებას მისცემს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნას. მანამდე კი რუმინეთი, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, კვლავ უჭერს მხარს უკრაინას.