უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯარისკაცების იერიშის მიუხედავად ქალაქი ბახმუტი ოკუპანტებისთვის აუღებელ ციხე სიმაგრედ რჩება.
კრემლში აცხადებენ რომ მათ უკრაინულ არმიას ბახმუტის უკიდურეს დასავლეთ რაიონებამდე დაახევინეს უკან.
იგორ კონაშენკოვი
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი
საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი დონეცკშია, ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარეობს. ვაგნერის მოიერიშე დანაყოფები ბახმუტის ცენტრალური რაიონებისთვის ბრძოლაში უპირატესობას ფლობენ, მტერი ქალაქის დასავლეთ გარეუბნებში იქნა განდევნილი. შეტევისას ვაგნერის დაჯგუფებას მხარს რეგულარული არმიის დანაყოფები უჭერენ.
სოციალურ მედიაში კი გავრცელდა შემზარავი ვიდეო მასალა რომელშიც ჩანს თუ როგორ აჭრიან თავს უკრაინელ ტყვეს რუსი სამხედროები.
ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი
„ამ საშინელებას ზურგს ვერავინ შეაქცევს. როგორ მარტივად ხოცავენ ადამიანებს ეს ურჩხულები. ეს ვიდეო, უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობის ვიდეო მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს ვიდეო რუსეთის ნამდვილ სახეს აჩვენებს. რა არსებას შეუძლია ამის ჩადენა? მათთვის ადამიანი არ არსებობს, შვილი, ძმა, ქმარი, არავინ არ არსებობს. ეს ვიდეო ასახავს იმას რის დამკვიდრებასაც რუსეთი ცდილობს, სიცოცხლის მოსპობას.
ეს არ გახლავთ დამთხვევა, ეს არ არის ერთი ეპიზოდი. ეს ადრეც მომხდარა. ყველას გვახსოვს ბუჩა. ათასობით ასეთი შემთხვევა. პოზიცია ყველამ უნდა დააფიქსიროს. ყველა ლიდერმა. ამას არ დავივიწყებთ, დრო ამ ჭრილობას ვერ მოაშუშებს. არაფერს დავივიწყებთ და მტერს არაფერს ვაპატიებთ. სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება. ტერორის დამარცხება აუცილებელია.“
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც რუსი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულს ჩადიან. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ვიდეო რომელშიც ჩანს თუ როგორ ხვრეტენ უკრაინელ სამხედროს ოკუპანტები.