უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება სავარაუდოდ საიდუმლო ამერიკული დოკუმენტები, რომელიც ეხება არამხოლოდ უკრაინას, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს. დოკუმენტებს შორის არის უკრაინის კონტრშეტევის მომზადების სავარაუდო გეგმები. პენტაგონმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოძიება დაიწყო.
ათობით დოკუმენტის ფოტო 28 თებერვალს და 2 მარტს პლატფორმა დისკორდზე გამოქვეყნდა. როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებით ჩანს, რამდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამერიკის დაზვერვას რუსეთის უსაფრთხოების უწყებებსა და სადაზვერვო სამსახურში. დოკუმენტების მიხედვით, აშშ თითქმის ყველა რუსული უწყებიდან იღებს სადაზვერვო ინფორმაციას. მაგალითად, ერთ-ერთ დოკუმენტში სახელად „აბსოლუტურად საიდუმლო“ განიხილება რუსეთის გენშტაბის გეგმები იმ ტანკების საწინააღმდეგოდ, რომელიც ნატოს ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას. გავრცელებული მასალების მიხედვით, ასევე დადგინდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები რეალურ დროში, რეალური რეჟიმში აფრთხილებდნენ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის დარტყმების შესახებ, კონკრეტულ სამიზნეებსა და თავდასხმების შესახებ რათა უკრაინას მოესწრო თავდაცვის მიზნით ზომების მიღება.
დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ აშშ უთვალთვალებს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას. პოტენციურად ასეთი ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინას, თუ მოსკოვში მოძებნიან ინფორმაციის გაჟონვის წყაროებს. ამ მოვლენამ უკვე გაართულა მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობა, მაგალითად სამხრეთ კორეასთან. გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, CIA უთვალთვალებს სამხრეთ კორეას, რომლისგანაც ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვდა.
რაც შეეხება უკრაინას, მასალების პირველი ნაწილით, რომელიც 1 მარტით თარიღდება, შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ბრიგადის მომზადებას გეგმავს უკრაინა კონტრშეტევისთვის და რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა სჭირდებათ ამისთვის. მასალებში მაგალითად ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ტექნიკა იხარჯება ყოველდღიურად “ჰაიმარსის” გამოყენების შემდეგ. უკრაინაში აცხადებენ, რომ მომზადების შესახებ დოკუმენტი არის გაყალბებული, გამოყენებულია ფოტოშოპი. “ნამდვილ გეგმას ისინი ბრძოლის ველზე დაინახავენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ის დაზვერვა უკრაინის ხელისუფლებასაც უთვალთვალებს.
გავრცელებული დოკუმენტების თაობაზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ზოგიერთი დოკუმენტის ავთენტურობას ადასტურებენ.